შემოქმედებითი ინდუსტრიები

Mountain Set-ი ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Mountain Set-ის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი ყველაფერს ცდილობენ, რათა ფესტივალი არ გაუქმდეს.

როგორც წერილიდან ირკვევა, ლოკაცია კვლავ შეიცვლება და დღეს საღამოს გახდება ცნობილი სხვა ყველა დეტალი

შეგახსენებთ, რომ გუშინ Mountain Set-ის საფესტივალო ტერიტორია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარბია.

გავრცელებული ცნობებით, დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშახელს.

Mountain Set-ი 28-29-30 ივნისს თავდაპირველად სტეფანწმინდაში უნდა გამართულიყო, მოულოდნელად კი ფესტივალის ლოკაციად ბიდარა დასახელდა.

ორი კვირის წინ “არტნიუსი” დაუკავშირდა ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომელმაც ასე გვიპასუხა: 

“ადგილობრივებთან შეთანხმებას თუ ვერშეთანხმებას ჩვენი ფესტივალის ლოკაციის შეცვლაზე არ უმოქმედია. ჩვენ ფესტივალს ვატარებდით კერძო ტერიტორიაზე, რომელიც იჯარით ჩვენს სახელზეა. შესაბისი კანონმდებლობით, ჩვენ ამ წუთშიც შეგვიძლია ფესტივალის ჩატარება, მაგრამ გამოჩნდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელმაც ის გააპროტესტა. ისინი ჩვენი ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორიაზე არ შეშვებითა და მიტინგებით ემუქრებოდნენ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია გვეუბნებოდა, რომ ფესტივალი აქ ჩაგვეტარებინა, თუმცა თავს უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობდით. გამომდინარე აქედან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ შეგვეცვალა მთავარი ლოკაცია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და სტეფანწმინდიდან ბიდარაში გადმოგვენაცვლა.”

კომენტარები

კომენტარი