კულტურა

La Movida – პოსტ-ფრანკოსეული კონტრკულტურული მოძრაობა ესპანეთში

18-ე საუკუნის არქიეპისკოპოსის სასახლეს არლში მსგავსი არაფერი უნახავს – ერთი საუცხოო სალონის კედლები შემოსილია შავი პოლიურეთანით, რომელზეც დაკრულია როკ ჯგუფების ფოტოები. ჩუქურთმოვანი ბუხრის თავზე, სადაც თქვენ ელოდებით მოღუშული კათოლიკე სასულიერო პირის პორტრეტს, არის ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო, რომელსაც აცვია შავი ტყავის ჟილეტი და აქვს გამომეტყველება, რომელსაც ყველანაირი შეიძლება ეწოდოს, გარდა უმანკოსი (ოჰ, ის პისტოლეტსაც ათამაშებს).

პაბლო პერეს-მინგესი, “ალასკა, პედრო და ფაბიო”

მომდევნო ოთახში არის ფოტოები, რომელზეც ასახულია, როგორ იღებს ვიღაც ჰეროინს. ეს ყველაფერი შეგეძლოთ გენახათ ერთ-ერთ ფესტივალზე, რომელიც ასახავდა ყველაზე მძვინვარე წლებს ესპანეთის უახლეს ისტორიაში – 1978 წლიდან 1980-იანი წლების ჩათვლით, როდესაც მადრიდში დაიწყო კონტრკულტურული მოძრაობა.

1975 წელს გენერალ ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ, ესპანეთში აღდგა დემოკრატია, სახელმწიფო ცენზურა მოიხსნა და ამერიკული და ევროპული პანკ როკის ნარევმა ახალგაზრდობაში წვეულებების მოწყობის სურვილი გააღვივა.

პაბლო პერეს-მინგესი ,”ფანი, საიდუმლო აგენტი”

1980 წელს ენდი უორჰოლი ჩავიდა ესპანეთში, ამავე დროს ჟურნალი Rolling Stone ბეჭდავს სტატიას სათაურით: „ახალგაზრდობა ზეობს ესპანეთში“, მიწისძვრა იგრძნობოდა ესპანურ მუსიკაში, მოდაში, ხელოვნებაში, ფოტოგრაფიასა და ფილმში. La Movida-ს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო რეჟისორი პედრო ალმოდოვარი.

მოძრაობას არ ჰქონდა ფორმალური მანიფესტი, მაგრამ ენერგია იგრძნობოდა გამეფებულ ატმოსფეროში. იმ დროის ფოტოგრაფის – მიგელ ტრილოს შეფასებით, ეს იყო „რაღაც ბრძოლის მსგავსი, მაგრამ მებრძოლების გარეშე, მანიფესტების გარეშე“.

ფრანკოს რეჟიმისთვის ჩვეული შავ-თეთრი ფოტოები აღარ შეესატყვისებოდა მსოფლიო ტრენდებს: გაჩეჩილი თმა, ბრჭყვიალა კოსტუმები, სამასკარადო აქსესუარები – ორივე სქესისთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

მიგელ ტრილო

კონცერტებზე გადაღებულ ფოტოებში აღარ არის რელევანტური ვინაა სცენაზე და ვინ უბრალოდ ესწრება – ყველას აცვია ისე, რომ შეამჩნიონ. აღსანიშნავია გენდერული ექსპერიმენტებიც: მამაკაცები საუყრეებს იკეთებენ, ისვამენ მანიკიურს, ანდროგინულ, ახალ რომანტიკულ სტილში. ქალები ბაიკერების მსგავსად იცმევენ.

მიგელ ტრილო, “მადრიდი”

ყველგან ფერებია: კაშკაშა ვარდისფერი, იადონისფერი ყვითელი, ელექტრული ცისფერი და ა.შ. მადრიდელი ფოტოგრაფი უკა ლილი 20 წლის იყო, როცა მოძრაობა დაიწყო. თუ სხვები უფრო წვეულებებს იღებდნენ, მისი ნიშე იყო პორტრეტები.

უკა ლილი, “თმის სალონი”

მიუხედავად იმისა, რომ მისი ფოტოები ექსპლიციტურად არ ასახავს La Movida-ს, უკა ლილი ამტკიცებს, რომ მისთვის, ეს ფოტოები ასახავს ოპტიმისტურ სულს.

უკა ლილი, “თმის სალონი”

ლილისთვის ეს მოძრაობა სახელოვნებო მიმდინარეობად განიცდებოდა: „ჩვენ გვწამდა, რომ ეს ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც სიურრეალიზმი“ – ამბობს ლილი.

უკა ლილი, “ელ ბესო”

მოძრაობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მალე მისი წევრები სხვადასხვა გზებით წავიდნენ, ზოგი არც თუ ისე სახარბიელო გზით. შესაბამისად, წინა ფერადოვნებისგან განსხვავებით, ალბერტო გარსია-ალიხის მონოქრომატულ ფოტოებში La Movida-ს ის ეტაპია ასახულია, როდესაც მისი ჰედონიზმი თვითდესტრუქციაში გადაიზარდა.

ალბერტო გარსია-ალიხი, “ედუარდო და ლირიო”

მიგელ ტრილო ამბობს: „1980-იანი წლები დაიწყო თავისუფლებით ესპანეთში და ის დასრულდა თავისუფლებით აღმოსავლეთ ევროპაში, ბარიერები ინგრეოდა“.

კომენტარები

კომენტარი