კულტურა

KHIDI: “ვუთხრათ არა ოკუპაციასა და ტირანიას!”

კლუბი KHIDI ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს განცხადებით ეხმიანება და დღევანდელ ღონისძიებას აუქმებს.

“ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, KHIDI-ს დღევანდელი ღონისძიება არ ჩატარდება! ონლაინ ბილეთების მფლობელებს თანხა უკან დაგიბრუნდებათ.

შექმნილ ვითარებაში არ გვაქვს გართობის არანაირი მიზეზი!
KHIDI გმობს მსგავსი ფორმით ადამიანებზე ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ყველა დაზარალებულ მოქალაქეს!

მოგიწოდებთ რომ დავდგეთ ერთად და ავაშენოთ ხიდები ჩვენი თავისუფლებისთვის, ვუთხრათ არა ოკუპაციასა და ტირანიას!” -აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოქალაქეების პროსესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცნაზმმა მათი დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორს თვალი აქვს დაკარგული. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

კომენტარები

კომენტარი