შემოქმედებითი ინდუსტრიები

Aerosmith-ის კონცერტისთვის მზადება „ბლექ სი არენაზე“ დასრულებულია

Aerosmith-ის  გრანდიოზული კონცერტისთვის მზადება „ბლექ სი არენაზე“ დასრულებულია და ბენდის რაიდერით მოთხოვნილი ყველა ტექნიკული დეტალი მზად არის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,  უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ბილეთები ძალიან მცირე დროში, დაახლოებით სამ საათში გაიყიდა. გაყიდულია 10 000-ზე მეტი ბილეთი.

ორგანიზატორების განცხადებით,  მაყურებლებისა და ტურისტებისათვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, „ფონდი ქართუს“ ხელშეწყობით  „ბლექ სი არენას“ სიახლოვეს ბაქანი აშენდა,  რომელზეც  „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სპეციალურად check in Georgia”-ს ღონისძიებებისთვის დანიშნული მატარებელი გაჩერდება და მგზავრებს საშუალება ექნებათ ბაქნიდან პირდაპირ  „ბლექ სი არენას“ საკონცერტო დარბაზში გადავიდნენ.

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ ”აეროსმიტის” კონცერტისთვის დანიშნულ მატარებლებზე მგზავრობის ღირებულება ბიზნესკლასისთვის 10 ლარი, I კლასით მგზავრობისთვის 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა 6 ლარი იქნება. I და II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე იმოქმედებს შეღავათიანი ტარიფი.

აეროსმიტის“ მენეჯმენტის მოთხოვნით, კონცერტს  მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა ესწრება. კონცერტს გადაიღებს მხოლოდ რამდენიმე კამერა და ფოტოგრაფი. მედიასაშუალებებისთვის  მასალის დაუყოვნებლივ მიწოდებას „ბლექ სი არენა” უზრუნველყოფს.

საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე   ფოტოაპარატის შეტანა და ე.წ. „სელფის ჯოხის“ გამოყენება აიკრძალება. 20 მაისს,  კონცერტის დღეს, „ბლექ სი არენას“ ტერიტორიაზე  შესვლას მსმენელები 19:00 საათიდან შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი