კულტურა

„ასმაგად კეთილი უნდა იყო ცხოვრებაში, რომ ცოტა კეთილი გამოხვიდე ეკრანზე“

ცნობილი ქართველი მსახიობები გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებას ეხმაურებიან. როგორც კახი კავსაძე აცხადებს, გივი ბერიკაშვილი საზოგადოების დიდი დანაკლისია.

„ძალიან კეთილი, ათმაგად კეთილი, ასმაგად კეთილი უნდა იყო ცხოვრებაში, რომ ცოტა კეთილი გამოხვიდე ეკრანზე… ასე ძალიან დადებითი ძალა წავიდა ამ არადადებით  ცხოვრებაში… დააკლდა ის ალბათ საზოგადოპებას და ალბათ, პრაქტიკულად ეს უკმარისობის გრძნობაა… კიდევ ერთი  ძალიან დადებითი მუხტი წავიდა“,- განაცხადა კახი კავსაძემ.

გივი ბერიკაშვილის ოჯახს და ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა მსახიობმა და რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნანუკა ხუსკივაძემაც.

„ძალიან კეთილი ადამიანი აღარ არის… ძალიან კარგი ადამიანი აღარ არის… ჩვენი მეგობარი, პირადად ჩემი მეგობარი და არაჩვეულებრივი არტისტი… ნამდვილი ქართველი არტისტი… უსაყვარლესი ბერიკა…“- განაცხადა ნანუკა ხუსკივაძემ.

თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობი კლინიკა “მედი ქლაბში” რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს და ის რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი