კულტურა

დღეს თბილისში თანამედროვე ხელოვნების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება

4-14 ნოემბერს, თბილისი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების მე-10 საერთაშორისო გამოფენას „არტისტერიუმს“ უმასპინძლებს.

„არტისტერიუმი“ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც უცხოელი და ქართველი მხატვრების ექსპოზიციებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს აერთიანებს. „არტისტერიუმი“ ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „არტისტერიუმი“.

არტისტერიუმი 2017, თანამედროვე ხელოვნების მე-10 საერთაშორისო გამოფენა ეძღვნება ვიზუალური ხელოვნების, რეწვის (craft) და დიზაინის დიალოგს, მათ შორის კავშირებს, ერთმანეთში ტრანსფორმირების და ამ ფონზე ახალი შინაარსის ძიებას. ვიზუალურ ხელოვნებაში, ისევე როგორც თანამედროვე სტუდიურ რეწვასა და დიზაინში, კონკრეტული მასალების სპეციფიკური მახასიათებლები მათი გამოყენების ფუნქციურ და ესთეტიკურ შესაძლებლობებს განსაზღვრავენ, ხოლო მათი სინთეზი ახალი შინაარსის ობიექტებს ქმნის.

“No 10” როგორც გამოფენის სათაური, ასახავს საგნების, მასალების და ტექსტების ნუმერაციის პრაქტიკას, რომელიც, პროექტის თემატური და იდეოლოგიური დატვირთვის მიღმა, თავისუფალი თვითგამოხატვის პლატფორმადაც შეიძლება გამოვიყენოთ.

არტისტერიუმი “No 10”-ის მიზანი ვიზუალური ხელოვნების, რეწვის და დიზაინის გამომსახველობით ენას, გამოყენებულ მასალას, მიდგომებსა და საწარმო პროცესებს შორის შემოქმედებითი სინთეზის ძიებაა. ამისთვის, მასალის და ენის “გაცვლის” გარდა, მნიშვნელოვანია რეწვისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური პოტენციალის, ვიზუალური ხელოვნების ინტელექტუალური და სოციალური შემადგენლის და დიზაინის ფუნქციონალურობის ურთიერთგავლენების და ურთუერთდენადობის (flux) მხატვრული კვლევა.

კომენტარები

კომენტარი