შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის ბაროკო ფესტივალამდე 4 დღე რჩება

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2017 წლის 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით (7,11,16,20,24 ნოემბერი და 1, 7 დეკემბერი) რიგით მესამე ფესტივალსგამართავს. ფესტივალის 7 კონცერტი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში შედგება.ფესტივალზე მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები წარსდგებიან მსმენელის წინაშე: ქათევან ქემოკლიძე (მეცო სოპრანო), სალომე ჯიქია (სოპრანო), ანა ცარციძე (სოპრანო), სერგეი მალოვი (ვიოლინო/ჩელო და სპალა); ჟან რონდო (კლავესინი, საფრანგეთი);  დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია); სერჯიო აზოლინი (ფაგოტი, იტალია); ჯოვანი დე ანჯელი (ჰობოი, იტალია); პრიშკა კომპლოი (ჰობოი, იტალია); აი იკედა (ფაგოტი, იაპონია) და სხვა. განსაკუთრებით კი უნდა აღვნიშნოთ მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების ხუთეულში შესული ორკესტრი –  „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“, რომელიც პირველად ესტუმრება საქართველოს, რაც ფესტივალისთვის დიდი პატივი, საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი, ხოლო ქართველი მსმენელისთვის მუსიკის ნამდვილი დღესასწაული იქნება.

ასევე უნდა გამოვარჩიოთ 11 ნოემბრის კონცერტი, რომელიც განსაკუთრებული სიურპრიზი იქნება ქართველი მსმენელებისათვის. ამ საღამოს, ევროპულ მუსიკასთან ერთად ფესტივალზე პირველად წარმოვადგენთ ქართულ მუსიკას, რითაც გვინდა დავამტკიცოთ, რომ ქართული კულტურა ნამდვილად არის ევროპული კულტურის ნაწილი. ჩვენ გვაქვს ბაროკოს ეპოქის და კიდევ უფრო ძველი პერიოდის მუსიკა – საგალობლები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს საგანძურს წარმოადგენს. 11 ნოემბერს, „თბილისის ბაროკო ფესტივალზე“ გაიმართება კონცერტი სახელწოდებით „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“.  ქართულ საგალობლებს შეასრულებს „ანჩისხატის მგალობელთა გუნდი“, რომელთაც უკვე აღიარება მოიპოვეს საერთაშორისო ასპარეზზე და საეკლესიო მუსიკის სპეციალისტების მაღალი შეფასებაც არაერთხელ დაიმსახურეს.

ფესტივალის პარტნიორები არიან იტალიის საელჩო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი და სხვა კერძო კომპანიები.

წინა ფესტივალების მსგავსად 2017 წლის ფესტივალიც დატვირთული იქნება მასტერკლასებით, სამეცნიერო და შემეცნებითი ლექციებით, რომელსაც უცხოელი და ქართველი სპეციალისტები თბილისის კონსერვატორიაში ჩაატარებენ ფესტივალის ფარგლებში.

2017 წლის 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ მსოფლიოს ვარსკვლავებთან და „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ბაროკოს ეპოქას.

 

კომენტარები

კომენტარი