კულტურა

“სადაც არ უნდა იყოს ბერიკაშვილი, იქ იქნება ხალხისათვის ყველაზე საყვარელი პანთეონი“

მომღერალი, სცენარისტი და  „იუმორინას“ დამფუძნებელი ჯემალ ბაღაშვილი მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებას ხელოვნებისა და კულტურის სფეროსათვის უმძიმეს დანაკლისს უწოდებს.

ბაღაშვილის განცხადებით, გივი ბერიკაშვილი იყო მის პროფესიაზე და საქმეზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობდა.

რაც შეეხება გარდაცვლილი მსახიობის დაკრძალვის ადგილს, ბაღაშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჯემალ ბაღაშვილი ამბობს, რომ „სადაც არ უნდა იყოს გივი ბერიკაშვილი, იქ იქნება ის პანთეონი, რომელიც ყველაზე საყვარელი და გაბრწყინებული იქნება ქართველი ხალხისათვის“.

„ქართული ხელოვნებისათვის უაღრესად მძიმე დანაკლისია; ასევე ზოგადად თეატრალური სამყაროსთვის, კინოსთვის, ესტრადისთვის, მისი უახლოესი ხალხისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის… გივი ჭეშმარიტად სახალხო მსახიობი იყო, საოცრად შეყვარებული თავის ხალხზე, თავის პროფესიაზე… მე მსგავსი უანგარო ადამიანი, მსგავსი მადლიანი ადამიანი რომელსაც ასე შეეძლო დახარჯულიყო სხვისთვის, მოეცალა სხვისთვის, არასდროს არ ეთქვა უარი, არ მეგულება… მე ისიც მახსოვს, რომ ხშირად უცნობ ადამიანსაც კი მაშინაც გაჰყოლია საქმეზე, როცა იცოდა, რომ ის საქმე არ გამოვიდოდა. რომ არ ჰგონებოდა იმ ვიღაცას – ჩემთვის დრო არ გამონახაო. ამის გულისთვის არასდროს უარს არ ეტყოდა სხვას. მადლიანი ადამიანი ბრძანდებოდა… სამწუხაროდ მე ბევრი არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელიც მადლს აკეთებს და თან უხარია, როდესაც სხვისთვის იხარჯება. ალბათ თუ რამე გადაარჩენს ამ ქვეყანას, აი ასეთი ხალხის სიმრავლე და-  უმრავლოს ღმერთმა მის შთამომავლობასაც და სრულიად საქართველოსაც ისეთი მადლიანი, უნიჭიერესი და უანგარო ხალხი, როგორიც ბრძანდებოდა ჩვენი გივი ბერიკაშვილი…“- განაცხადა ჯემალ ბაღაშვილმა.

თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობი კლინიკა “მედი ქლაბში” რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს და ის რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

 

კომენტარები

კომენტარი