არქიტექტურა, არქეოლოგია

ვარძიაში ხანძრისას ჭვარტლით დაფარული მხატვრობის გაწმენდის მეორე ფაზა დასრულდა

ვარძიის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგად ჭვარტლის ფენით დაფარული XII საუკუნის კედლის მხატვრობის გაწმენდის მეორე ფაზა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა, ლონდონის კურტოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ადგილზე აღწერა და შეაფასა მდგომარეობა, გააკეთა სხვადასხვა სახის ტესტები, რის შემდეგაც შემუშავდა მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები.

როგორც სააგენტო აცხადებს, რთული დაზიანებებიდან გამომდინარე, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დაიგეგმა. ამჟამად სამუშაოების პირველი და მეორე ეტაპი, რომელიც ჭვარტლის ფენის მხატვრობიდან მოცილებაა, შესრულებულია და დაგეგმილია გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების მომდევნო, მესამე ეტაპი.

სამუშაო ჯგუფი, თავდაპირველი შესწავლისას შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით, კედლის მხატვრობას ჭვარტლის ფენისგან წმენდს, რის პარალელურადაც ხდება პროცესის აღწერა, შეფასება და ფოტოფიქსაცია. აგრეთვე, მუდმივად ხდება ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი და რეგულირება.

ვარძიის ღრმთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარი 2016 წლის 31 ოქტომბერს მოხდა, რამაც იქ არსებული კედლის მხატვრობა ჭვარტლის ფენით დაფარა. ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტის დასაწყისში განახლდა.

კომენტარები

კომენტარი