საშემსრულებლო ხელოვნება

„თვითმფრინავის ბიჭებზე“ გადაღებული ფილმი „მძევლები“ კინოთეატრებში გამოდის

20 აპრილიდან, წლის მთავარი ქართული კინომოვლენა, „თვითმფრინავის ბიჭებზე“ გადაღებული ფილმი „მძევლები“ კინოთეატრებში გამოდის.

ფილმი „მძევლები“ რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა, 80-იანი წლების ყველაზე გახმაურებულ საქმეზე, თვითმფრინავის ბიჭებზე გადაიღო. კინო ამბის ზუსტი ასლი არ არის, ის 1983-84 წლებში მომხდარი მოვლენების მხატვრული რეკონსტრუქციაა. ფილმი არ მიჰყვება უხეშ ისტორიულ ფაქტებს, ის უღრმავდება გმირების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და გარემოს, რომელშიც მათ უწევდათ ცხოვრება.

სცენარის თანაავტორი, რეჟისორთან ერთად, მწერალი ლაშა ბუღაძეა. სცენარის ავტორები წლების განმავლობაში იკვლევდნენ იმ ისტორიულ კონტექსტს, რომელიც „თვითმფრინავის ბიჭების“ ამბავს უკავშირდება, ხვდებოდნენ მგზავრებს, მშობლებს, მეზობლებს, ნათესავებს, ეცნობოდნენ საარქივო მასალასა და ისტორიულ დოკუმენტაციას.

ფილმის დახასიათებისას ამბობენ, რომ  „მძევლები“ – ეს არ არის ფილმი გმირებზე, ეს არ არის ფილმი ტერორისტებზე, ეს არ არის ფილმი მხოლოდ თვითმფრინავის ბიჭებზე, ეს არის ფილმი ადამიანებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირმა სისტემის „მძევლებად“ აქცია.

„ეს ტრაგედია არაერთგვაროვანია და ადამიანის ცხოვრების მრავალ ასპექტს მოიცავს. აქ არის სახელმწიფოსა და საზოგადოების, თუ ცალკეული პიროვნების თანაარსებობა, მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულება, თავისუფლებისა და მისი ჭეშმარიტი არსის გაცნობიერება. ასევე, ინტერესი გამოწვეულია იმითაც, რომ 1983 წელს მომხდარი ამ ისტორიის კვლევა – მისი მიზეზები, გარემოებები, ღირებულები, რომლითაც მაშინდელი საზოგადოება ცხოვრობდა – გარკვეულწილად მიხსნის საბჭოთა იმპერიის არსს და მისი ნგრევის მიზეზებს.  ყველაზე რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, შევხებოდი ამ მტკივნეულ თემას, პასუხისმგებლობა ამეღო იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ეს ტრაგედია პირადად შეეხოთ. ასევე, რთული იყო ისეთი რაკურსით დამენახა ეს ისტორია და მიმეგნო მისი თხრობის ისეთი ფორმისთვის, რომ ,უნებლიეთდ, შემფასებლის, მორალისტის როლში არ გამოვსულიყავი. რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, ეს იყო საარქივო მასალის დეტალური შესწავლა, შეხვედრები და საუბრები ამ ისტორიის მონაწილეებთან: გამტაცებლების ოჯახებთან, მეგობრებთან, ეკიპაჟის გადარჩენილ წევრებთან, მგზავრებთან, მაშინდელ მაღალჩინოსნებთან და ა.შ.“- განაცხადა ფილმის რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა.

„მძევლები“ ქართულ-რუსულ-პოლონური მხარეების ერთობლივი პროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ „მძევლების“ ერთ-ერთი პროდიუსერი ოსკაროსანი ფილმის, „იდას“ მთავარი პროდიუსერი ევა პუშინსკაა.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე, ბექა ლემონჯავა, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი