კულტურა

ისტორია ნადგურდება! – ფრანგი ფოტოგრაფი კულტურის სამინისტროს მიმართავს

ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი ფრანსის პრიმერსკი სვანეთში, სოფელ ადიშში გადაღებულ ვიდეომიმართვას ავრცელებს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართავს. ფოტოგრაფი ადიშში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და უწყებას მოუწოდებს, სოფლის გადასარჩენად ზომები მიიღოს.

„ჩვენ ვიმყოფებით სვანეთის ერთ-ერთ სოფელში. შოკირებული ვარ. შეხედეთ, ეს არის კულტურის ნიმუში, რომელსაც საქართველო ფლობს. რატომ არ უკეთებენ რეაბილიტაციას ამ სახლებს? ჩემთვის ეს აუხსნელი და დაუჯერებელია. შეხედეთ, რა სილამაზეა. ეს პეიზაჟი სიზმარივითაა. გამოსაფხიზლებლად ხელზეც კი ვიჩქმიტე. ეს მიტოვებული სახლიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და განადგურების პირასაა. ეს არ უნდა დაუშვას არცერთმა ქართველმა და განსაკუთრებით კი კულტურის სამინისტრომ. ისტორია ნადგურდება!
ამ კედლის თითოეული ნაპრალი ჩემს გულზეც ასეთსავე ნაიარევს აჩენს. სოფელი ადიში საქართველოს ყველაზე ლამაზი სოფელია. მას მოფრთხილება და შენარჩუნება უნდა. ბევრ ქვეყანას ასეთი სიმდიდრე არ აქვს. ჩემი გულის ამოძახილია: გააკეთეთ რამე, უშველეთ სოფელ ადიშს!“, – ამბობს ფრანსის პრიმერსკი ვიდეოპორტალ „იუთუბით“ გავრცელებულ მიმართვაში.

ცნობისათვის: სოფელი ადიში სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტე ტში, მდინარე ენგურის შენაკადის – ადიშისჭალის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2 040 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში ამჟამად 60-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ფრანსის პრიმერსკი ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფია. იგი პირველად საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა და აქ საცხოვრებელიც შეიძინა. ფოტოგრაფმა პრაქტიკულად მთელ საქართველოში იმოგზაურა, განსაკუთრებით კი სვანეთი უყვარს. მას ადგილობრივებმა ზედმეტსახელად შეარქვეს.

რაც შეეხება ადიშს – სოფელი ადიში მდიდარია ისტორიული ძეგლებით. სოფელში კედლის მხატვრობით შემკული ოთხი ეკლესიაა: მაცხოვრის ეკლესია ( X-XI საუკუნეები), წმინდა გიორგის (სვანურად – ჯგრაგ) ორი ეკლესია (XI – XII საუკუნეები) და მთავარანგელოზის ეკლესია (XII საუკუნე). ეკლესიები დარბაზული ტიპისაა და განვითარებული შუა საუკუნეების ხანას განეკუთვნება.

ადიშში დაცული იყო ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, 897 წელს კლარჯეთში, შატბერდის ლავრაში გადაწერილი ოთხთავი. აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც – ადიშის ოთხთავი. ოთხთავი ამჟამად სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.

 

 

კომენტარები

კომენტარი