არქიტექტურა, არქეოლოგია

სტეფანწმინდაში ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

დაბა სტეფანწმინდაში ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ალექსანდრე ყაზბეგის ისტორიულ სახლ-მუზეუმს, რომელიც 2 შენობას მოიცავს. განახლდება მუზეუმის ადმინისტრაციის ნაწილიც და კეთილმოწეწყობა მიმდებარე ტერიტორია. სამუშაოები უკვე დაწყებულია და პროექტის მიხედვით, 2018 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

ალექსანდრე ყაზბეგის მშობლიური ორსართულიანი სახლი, სადაც ამჟამად სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმიც არის განთავსებული, 1809–1814 წლებშია აშენებული. იქვეა კარის ეკლესია და მწერლის საფლავიც.
სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი კი 1934 წელს დაარსდა. მუზეუმში განთავსებულია ალექსანდრე ყაზბეგის კუთვნილი ნივთები, ავეჯი, რეგიონის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური მასალა და ბეთლემის გამოქვაბულიდან ჩამოტანილი კარი, ჯაჭვი, შანდლები, ლურსმნები და საეკლესიო სიწმინდეების შესანახი ხის ყუთები. მუზეუმში მთლიანობაში 17 859 ექსპონატია და იქ ყოველწლიურად 4 000-ზე მეტი სტუმარი ჩადის.
სტეფანწმინდაში მდებარე ისტორიულ მუზეუმს რეაბილიტაცია გასული საუკუნის 90–იანი წლების შემდეგ არ ჩასტარებია, რის გამოც ობიექტი სავალალო მდგომარეობაშია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან. სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ტარდება და სულ დაიხარჯება 1 მილიონ 549 ათასი ლარი.

კომენტარები

კომენტარი