საშემსრულებლო ხელოვნება

პროექტი “კინო სკოლაში” ახალი სეზონით ბრუნდება

პროექტი „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს. წელს პროექტით გაწერილი ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით 217 სკოლაში ჩატარდება.

„კინო სკოლაში” მიზნად ისახავს  კინოგანათლების პოპულარიზაციას და  მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი მეოთხე წელია მიმდინარეობს, თუმცა ახალი სეზონიდან გარკვეული სიახლეები დაემატება.

„წელს, „კინო სკოლაში“ აქტიურად ითანამშრომლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც, კინოჩვენებებსა და დისკუსიებს კინოსპეციალისტებთან ერთად სკოლის პედაგოგებიც ჩაატარებენ. პროექტში „კინო სკოლაში“ ჩართული კინოსპეციალისტები კოორდინაციას გაუწევენ და დაეხმარებიან სკოლის პედაგოგებს აიმაღლონ კვალიფიკაცია, რათა პროექტის დასრულების შემდეგ სკოლებში გაჩნდეს კომპეტენტური კადრები, რომლებიც დამოუკიდებლად გააგრძელებენ საქმიანობას, ჩამოაყალიბებენ კინო-კლუბებს და იზრუნებენ მოზარდების კულტურულ განვითარებაზე“,- აღნიშნულია კულუტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„კინო სკოლაში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროის მხარდაჭერით ხორციელდება. ამჟამად, პროექტში ჩართულია 217 სკოლა და საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები.

პროექტმა “კინო სკოლაში” 2016 წელს Creative Europe-ს დაფინანსება მიიღო და  2017 წელიდან ღონისძიებაში ჩართულ ახალგაზრდებს და პედაგოგებს კინოგანათლების კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარების საშუალება ექნებათ.

 

კომენტარები

კომენტარი