ლიტერატურა

თანამედროვე ქართველი პოეტი – რეზო გეთიაშვილი

“არტნიუსი” იწყებს რუბრიკას “თანამედროვე ქართველი პოეტები”. რუბრიკის პირველი თემა რეზო გეთიაშვილის პოეზია იქნება.

გთავაზობთ მის შემოქმედებას:

ზამთრის დივერსია

სხივებმა ფოთლების ბოლო ნაპულსარი
ნისლებს შეაწმინდეს, სქელსა და მიწიანს,
მოკვდე შეიძლება, მზე ისე შორს არის
და სველი ხეები სველ ხელებს იწვდიან

ქალაქში, მთებიდან, როგორც დივერსია,
ეწყობა ნისლები, აქ, როგორც სარჩევში,
სიკვდილის მოძებნა უმარტივესია
(ბევრიც რომ ეცადო, მაინც გადარჩები).

ლონდონში ნისლები უფრო სქელ-სქელია,
ვენაში გავუშვი ყველა თადარიგი
და ფლამინგოები სანგრებს შესცქერიან,
ეს კი საშველია, შენი ბადალი კი

არ არის, არ არის, არ არის, არ არის
და კიდევ არ არის, დილავ, საზიზღარო,
რადგან სამარიდან ასე მისავალი,
სუსხი ჩემს ოთახში უნდა ასისხამო.

ჩვენ კი, საქართველო, ერთმანეთს ყოველთვის
ასე ვექცეოდით, რადგან მოგვისაჯეს
სქელი ჯაჭვების და ტანჯვის ეგზოტიკა,
ჯვრების ეგზოტიკა კიდევ ზოგისათვის.

ახლა სისრულეში მოდის განაჩენი,
რამდენ სისაძაგლეს კიდევ შევეგუეთ,
ბევრიც რომ ვეცადოთ, მაინც გადავრჩებით,
ზამთრის პროლოგია ახლა შენებური

და შენს სიბნელეში სველი ხეებიდან
სიკვდილის დანახვა უმარტივესია
და სქელი ნისლები, ცუდი დღეებივით,
ეწყობა ზედიზედ, როგორც დივერსია.

გოქსუ

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

მძიმეები

ასეთი განწყობა შენამდეც ყოფილა.
რატომ. ამაზე ვიფიქრებ. დილიდან
დადიან ზურგზე ხელებდაწყობილი
წუთები საკუთარ ბაღში. რამდენიმე

ღამით გავეცალე დღეებს. მაწუხებდა
სპლინი. გავეცალე ფერებს. სადამდეა
მათი მოფერება. ვზივარ და წუთები
დადიან. დადიან. დადიან. დადიან

წრეზე. ათიოდე. მძიმე. და ესაა
სრული ჰარმონია ჩემთვის. სულ არ არის
ცოტა. ძლიერ მომწონს მათი დეპრესია
მძიმე. ძლიერ მომწონს მათი სიარული

მძიმე. რა თქმა უნდა შენამდეც ყოფილან
წუთები ზურგზე ხელებდაწყობილი.

დამბაჩები

ერთ მშვენიერ დღეს… კარგად მახსოვს, სექტემბრის ბოლოს,
მანდ, ბაისიკლში, მშვენიერი დღეებიც იცის
და შეღამება, სიგიჟეა ბულბულის სოლო,
ოქროს გალიით რომ მოგართვით და რკინის ფიცით.
 
ო, დამიჯერეთ, აზრებსა და სტრიქონებს შორის
ამ მცირე წერილს უზარმაზარ სინანულს ვურთავ,
ჰოდა, მისტერ შ, თუ დარჩებით ქალაქში, მგონი,
ერთ მშვენიერ დღეს გააბოლებთ დამბაჩას გულთან.
 
რაც შემეხება, შეერია ღამეებს ქერტლი,
მე ვწერ ჩვეული სიდინჯით და ნაცნობი კოდით
და უძილობით ვიტანჯები, უარესს გეტყვით,
სიბერემ უკვე ჩაიარა, სიგლახე მოდის
 
და რა თქმა უნდა, ძლიერ მიჭირს და ძლიერ მიჭერს
პროსპექტი, როგორც ბავშვობაში ნაქონი ჩექმა.
ამ გულჩვილობას ნუ გაანდობთ ადოლფს და ბიჭებს
აქტრისა `ზეტის~ შაბისფერი თვალების ლექმა
 
წუხელ კინაღამ გადამრია, ლირიულ ჩანართს
თქვენც მიმართავდით ცხოვრებაში და ჩვენში მოკვდეს,
ხან უსათვალოდ ვარსკვლავებიც რომ აღარ ჩანან
წუხელის… ღმერთი კეთილია, ხანდახან, მოკლედ.
 
მაგრამ მისტერ შ, კარგად გახსოვს სექტემბრის ფარჩა,
აქ, ბაისიკლში, თუ დავრჩები, ნამდვილად ვიცი,
ერთ მშვენიერ დღეს გაგიჟდება ჩემი დამბაჩა
და შემომაყრის შემონახულ დორბლსა და სიცილს.
***
ბობ, ახლა რამე უნდა მირჩიო,
ბობ, ახლა მთებში წითლად ღამდება
და დაბლა ყრია ნაძვის გირჩები
და შეგიძლია შველა ამდენად.
 
ბობ, რამე უნდა მითხრა ახალი,
ბობ, მოიხედე, შენთან მოვედი,
ჭკვიანი თავი უნდა დახარო,
ისე ზოგადად, როგორც ყოველთვის.
 
ბობ, ვეღარ ვიტან ცარცის ვაგონებს,
ბობ, ირგვლივ თითქმის ისევ ისეა
და ჩვენს ბავშვობას ნუ მომაგონებ,
თითქოს ეს წლები მომცეს ნისიად
 
და მოითხოვენ მხოლოდ გაძლებას,
მხოლოდ ღამეებს – ნაღდ ანგარიშზე,
ბობ, ვიცი, მალე ტყავი გამძვრება,
ბობ, ვიცი, სადმე უნდა გავიქცე.
 
ბობ, დამეხმარე ასე ავადმყოფს,
ბობ, მხარზე, მხარზე, ხელი დამარტყი,
ბობ, ივრის პირას ცეცხლი დავანთოთ,
ბობ, მთვარის შუქზე ფერი ამარტის.
 
ბობ, შმაგ ვერხვებთან ჩვენი ვილისი,
ბობ, დაკბენილი ძილი, მკლავები,
ბობ, ბედს სიბერე უნდა ვირიშვილს,
ბობ, მოიხედე, სადღაც გავები.
ი.ნ–ს
ისვენებდი – ვენეცია, მკვდარი ივლისი,
გათრობდა წვიმა, წვიმის დედა, ნერვებს აიშლი.
გათრობდა ბრიზი, სიჩუმეა, ნიშნად იმისა,
რომ საიდუმლო საიდუმლოდ გახსნა ჩაიში.ახლა გაქრება (სულ ცოტა ხნით მაინც) ერესი
და ფოთლებივით ჩამოცვენილ მკლავებს წაითრევს,
შენი ამბები უაღრესად მაინტერესებს
და წელიწადში ერთი–ორი მკვდარი საათიდა შემოდგომას გამოაღებ, როგორც მაცივარს,
ნელ–ნელა ვნებაც გაბაცდება, როგორც „ზაგარი“,
როგორც სხეულში ჩანიშნული მზის კრემაცია
და ღამეები, რამდენიმე, ფერფლისმაგვარი.

დაისვენებდი, ვენეცია, მკვდარი ივლისი,
გათრობდა ტალღა, სველი თმები ძლივსღა გაიშრე,
იჯდები ასე, მოწყენილი, გარდა იმისა,
რომ საიდუმლოს საიდუმლოდ გახსნი ჩაიში.

შვედური ზღაპრები
წვიმამ არ იცოდა ძალა საკუთარი, არც მშვიდი ოთახი,
არც შენი კაბები, უხმოდ რომ დასველდნენ, მოწყენა, კაპრალი.
გშვენოდა, იცოდი, თვალებში პატარა ცრემლები მონახე
და მერე თვალებით, თითებით მიამბე შვედური ზღაპარი.
ეს იყო სულერთი, სულ ორი, სულ ცოტა, სიზმრები, ღმერთები,
რადგანაც უაზროდ, უარად ხმარობდი ღიმილის ილეთებს,
ისედაც, საერთოდ, ყოველთვის ვტყუოდით ჩვენ ორში ერთ-ერთი,
წვიმამ არ იცოდა მარტივი ტკივილი წერტილთა, მძიმეთა…
შენ კაბებს იხდიდი და სადღაც გარბოდი, იხდიდი ქალაქებს,
რომ უცებ ჩაგვერთო თითების თითებთან შეხების მუსიკა
და წლების გადაღმა წუთები, წამები, წვიმებით დალაქე
და შენი არყოფნაც მოფინე წვეთების მსუბუქი მუსლინით.
ეს იყო სულერთი და ავტო ლოშნიდა, ნივა, ავენიუს,
კეთრი პასეიზმი და გლიცინიები და საპირფარეშო,
რადგანაც მოგვართვეს წითელი, ყვითელი ტუჩების მენიუ
და ჩუმად გვფურცლავდა ნაპირთან მჯდომარე ვიღაცა გარეშე
და რადგან გშვენოდა, საშინლად გშვენოდა, ცრემლები მონახე,
ეს იყო სულერთი, სულ ცოტა, ღალატი და კაფე “მედუზა”,
წვიმამ არ იცოდა ძალა საკუთარი, არც მშვიდი ოთახი,
არც შენი კაბები, სპლინი, მით უმეტეს, ზღაპრები, შვედური.

კომენტარები

კომენტარი