ლიტერატურა

FBI-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ანა ფრანკის საქმეს თავიდან გამოიძიებს

19 კრიმინალისტისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაც სათავეში FBI-ს ყოფილი აგენტი ვინს პანკოკი უდგას, თავიდან იძიებს ებრაელი გოგონას – ანა ფრანკის იდუმალებით მოცულ დაკავებასა და გარდაცვალებას.

ანას მსოფლიო აღიარება თავისმა დღიურმა მოუტანა – ჩანაწერებმა, რომლებსაც იგი აკეთებდა ნიდერლანდების ნაცისტური ოკუპაციის დროს, კერძოდ კი 1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე.

ინფორმაციას გამოძიების დაწყების შესახებ The Guardian ავრცელებს. გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს ვერსია იმის შესახებ, რომ ანა ფრანკის ოჯახს უღალატეს და გესტაპოს გადასცეს, ასევე მათ უნდა დაადგინონ, ვინ იდგა ამის უკან.

გამოძიების ინიციატორები რეჟისორი ტის ბეიენსი და ჰოლანდიელი ჟურნალისტი პიტერ ვან ტვისკი არიან. მათ თავიანთ პროექტს „გაუხსნელი საქმე“ დაარქვეს.

გამოძიება ანა ფრანკის სახლ-მუზეუმიდან, ამსტერდამში უნდა დაიწყოს. შეგახსენებთ, ანა ფრანკი გესტაპომ 1944 წელს დააკავა, ის 1945 წელს დაიღუპა ბერგენ-ბენზენის კონცლაგერში, 15 წლის ასაკში. გარდაცვალების მიზეზი მუცლის ტიფი გახდა. ექსპერტები გამოძიების დასრულებას 2019 წელს ვარაუდობენ.

კომენტარები

კომენტარი