კულტურა

ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენის გახსნას ქართველი და იტალიელი მაღალჩინოსნები დაესწრნენ

„ეს გამოფენა მნიშვნელოვანია როგორც იტალიისთვის, ისე – საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. იმიტომ, რომ ჩვენი ღირებულებები ასევე თქვენი ღირებულებებია.”- ასე შეაფასა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენის მნიშვნელობა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, ივან სკალფაროტომ.

ღონისძიებას იტალიელი მინისტრი საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრო.

გახსნის შემდეგ, უშუალოდ გამოფენის კულტურული მნიშვნელობის გარდა, იტალია-საქართველოს ზოგად ურთიერთობებზე ორივე მხარემ ისაუბა.

„სასიხარულოა, რომ კულტურა შემოუძღვა იტალიურ კომპანიებს საქართველოში და ბოტიჩელისა და კარავაჯოს გამოფენის პარალელურად, თბილისში იმართება დღემდე უპრეცედენტო იტალიურ-ქართული ბიზნესფორუმი, რომელშიც იტალიის ყველაზე მსხვილი 35-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენა საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება და ნოემბრის ბოლოს, როდესაც თბილისში იმართება ახალი აბრეშუმის გზის ფორუმი – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, ჩვენ გვექნება საშუალება, 1 000-ზე მეტი უცხოური ბიზნესის წარმომადგენელს ვაჩვენოთ ეს გამოფენა და მან უმასპინძლოს ძალიან ფართო საერთაშორისო აუდიტორიას.” -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გამოფენა 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი