კულტურა

კოსმოსში “ჩაკრულოს” გაგზავნიდან დღემდე – NASA-ს წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს NASA – ს წარმომადგენლები სტუმრობენ. სტუმრებს შორის არიან მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი რობ მენინგი და Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი და ცოცხალი ლეგენდა ჯონ კასანი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა კოსმოსურ ხომალდზე „კაცობრიობის მესიჯის“ განთავსება.

მეცნიერები საქართველოს ,,ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში ეწვივნენ, რომელსაც ამერიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ფონდი ,,ნოვას“ ხელმძღვანელი რამაზ ბლუაშვილი ახორციელებს. ღონისძიებას დღეს ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დაესწრნენ.

ვიზიტი NASA-ს ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. 1977 წელს, ლეგენდარული მეცნიერის კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო“.

ტექნოპარკში დღეს ლეგენდარული კარლ საგანის სახელობის ოთახი გაიხსნა.

“ტექნოპარკში გადავწყვიტეთ გავხსნათ ბატონი საგანის ოთახი, რომელიც „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაგზავნის უშუალო გადაწყვეტილების მიმღებია. სტუმრები გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ჩვენს სტარტაპერებს და დაინტერესებულ პირებს, ასევე უპასუხებენ კითხვებს, რომლებიც მათ გაუჩნდებათ,-‘’განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ზვიადაძემ.

”ტექნოლოგიები არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი ქვეყნისთვის. ძალიან გვიხარია, რომ თქვენი ქვეყნის ხელისუფლება აქცენტს აკეთებს ტექნოლოგიებზე და ინოვაციების განვითარებაზე თავისი მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ისეთი მისიების განხორციელება, როგორიც იყო ვოიაჟერი და მისია მარსზე. რაც შეეხება ”ჩაკრულოს”, ეს სიმღერა მე არ ამირჩევია. მე ავარჩიე კარლ საგანი, პიროვნება, რომელმაც ვოიაჟერისთვის მასალები შეაგროვა”, – განაცხადა ჯონ კასანმა.

კომენტარები

კომენტარი