კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

ქეთი დოლიძის საკითხი და ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურა

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი სიხარულიძე წარადგინა.

წარდგენა მედიისთვის დახურული აღმოჩნდა და მას თეატრის დასი და თანამშრომლები დაესწრნენ.

მიხეილ გიორგაძის განცხადებით, შეხვედრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

„ძალიან მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა ჩვენმა შეხვედრამ. ყველას ჰქონდა საშუალება საკუთარი აზრის, დამოკიდებულების გამოთქმის. ეს ალბათ ბუნებრივიც არის, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხთთან მიმართებაში არსებობს, როგორც სამინისტროსა და თეატრის, ისე შიგნით დასში, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რაღაც დაპირისპირებას“, – განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარი გააკეთა თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს ქეთი დოლიძეს თეატრში რეჟისორის თანამდებობაზე საქმიანობის გაგრძელება შეუძლია.

„უპირველეს ყოვლისა, ქალბატონ ქეთიზეა დამოკიდებული თუ რა არჩევანს გააკეთებს და შემდეგ უკვე დავფიქრდებით. ერთგვარი იურიდიული ფორმალობაა. თუ როგორ გადაწყდება და რანაირად გადაწყდება, ამას მომავალში ვნახავთ“, – განაცხადა თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი სიხარულიძემ.

თეატრში რჩება ამჟამინდელი დირექტორი ზურაბ გეწაძეც, რომელმაც ფესტივალი „საჩუქრის“ შესახებ ისაუბრა.

„ქეთი დოლიძის საკითხი დაისვა კრებაზე და გადაწყვეტილია ყველანაირად, ისედაც სხვანაირი უფლება ამის არც გვქონდა. ქეთი დოლიძე, რა თქმა უნდა, რჩება თეატრში, ის გააგრძელებს მუშაობას, როგორც რეჟისორი და მხოლოდ ტექნიკური პრობლემებია, შტატი, ხელშეკრულება და ა.შ. გარდა ამისა, ის არის ფესტივალის „საჩუქარი“ ხელმძღვანელი, რომელსაც ატარებს თუმანიშვილის თეატრი, ეს არის თეატრის პროექტი და ამას ხელმძღვანელობს ქეთი დოლიძე და უხელმძღვანელებს ბოლომდე“, – განაცხადა თეატრის დირექტორმა ზურაბ გეწაძემ

შეხვედრას არ დაესწრო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე, რომელიც პირველი არხის ინფორმაციით, თბილისში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პოსტზე კონკურსი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 11 ივლისს გამოცხადა. თუმანიშვილის თეატრში ამ პოზიციაზე შევიდა ორი განცხადება – მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელის, ქეთი დოლიძის და რეჟისორ გიორგი სიხარულიძის, რომელიც მანამდე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს ხელმძღვანელობდა.

 

კომენტარები

კომენტარი