საშემსრულებლო ხელოვნება

პიანისტი ნინო ბაქრაძე: “ქართული საშემსრულებლო სკოლა და საგანმანათლებლო სისტემა არის უნიკალური” (ინტერვიუ)

“არტნიუსი” გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა პიანისტთან, ნინო ბაქრაძესთან, რომელსაც საქართველოში არსებულმა განათლების საერთაშორისო ცენტრმა არიზონაში სწავლა დაუფინანსა. ამჟამად, იგი არიზონას უნივერსიტეტის დოქტორანტია.

– როგორ დაიწყო თქვენი და ფორტეპიანოს ურთიერთობა?

– პირველ რიგში, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მივესალმები თქვენს მკითხველს.  რაც შეეხება თქვენს შეკითხვას,  დავიბადე და გავიზარდე მუსიკოსების ოჯახში, რამაც განაპირობა ჩემი ინტერესი და სიყვარული კლასიკური მუსიკისა და ფორტეპიანოსადმი.

– დაახასიათეთ შრომის პროცესი, არის თუ არა მეცადინეობა მოსაწყენი?

– ჩემთვის მეცადინობა და საკუთარ თავზე მუშაობა აუცილებელი პირობაა სასურველი შედეგის მისაღწევად.

– თქვენი მსმენელებისგან, რომელი აუდიტორია დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად, სად შეგხვდნენ ყველაზე დიდი და გრძელი აპლოდისმენტით?

– ყოველი კონცერტი დასამახსოვრებელი და ამაღელვებელია თავისებურად.  განსაკუთრებით გამოვარჩევდი  ესპანელ, გერმანელ, ჩინელ, ჩეხ, ბრაზილიელ და ამერიკელ მსმენელს.

 – რა არის პიანისტის მთავარი ხიბლი, უფრო სწორად, რა უნდა ჰქონდეს პიანისტს, რომ იყოს კარგი პიანისტი?

– ნიჭი, შრომისმოყვარეობა, და იღბალი.

– რამდენად გამჭვირვალე და მარტივია მოიპოვო დაფინანსება საქართველოში ?

– საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ დაფინანსების მოპოვება საქართველოში არის შესაძლებელი და ეს პროცესი საკმაოდ გამჭვირვალეა. ამის ნათელი დადასტურებაა განათლების საერთაშორისო ცენტრის ფონდის არსებობა ქართულ რეალობაში.

– ძირითადად, რა განსხვავებაა ქართულსა და ამერიკულ სწავლებას შორის?

– შევეცდები მოკლედ გიპასუხოთ. ქართული საშემსრულებლო სკოლა და საგანმანათლებლო სისტემა არის უნიკალური, ხოლო რასაც ქართველი პედაგოგები აკეთებენ ახალი თაობების აღზრდისათვის  შეუფასებელი. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა ცოდნის გაღრმავების მასშტაბები ბევრად უფრო ფართოა, რაც ანიჭებს ხელოვანს  თავისუფლებას და საკუთარი შესაძლებლობების სრულ გამოვლინებას.

– და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ საქართველოსთან მიმართებაში, უკავშირდება თუ არა თქვენი მომავალი თქვენს სამშობლოს?

– გეგმები და სურვილები ძალიან ბევრია. ვიმედოვნებ, რომ აუხლოეს მომავალში  შევძლებ ყველაფრის  განხორციელებას როგორც საკუთარ ქვეყანაში ასევე საზღვარგარეთ.

კომენტარები

კომენტარი