ლიტერატურა

ნიკა აგლაძე პრემია “საბას” შესახებ: “ფსონს რომ ვდებდე ლიტერატურულ ტოტალიზატორში, არჩევანს მასზე შევაჩერებდი.”

როგორც მოგეხსენებათ, შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებული მკითხველისთვის კარგად ნაცნობი ქართული პრეამია “საბას” დაჯილდოება ახლოვდება. ამიტომაც, “არტნიუსმა” გადაწყვიტა, რომ ლიტერატურული კონკურსის ანალიზს სხვადასხვა პროზაიკოსებთან, პოეტებთან, ნომინანტებთან და კრიტიკოსებთან ერთად შეუდგეს. ამჯერად, ჩვენი რუბრიკის მე-3 რესპონდენტი ისტორიკოსი და ლიტერატურის კრიტიკოსი ნიკა აგლაძეა. ის თარგმანის ნომინაციაზე გვესაუბრება და სხვადასხვა საკითხზე საკუთარ მოსაზრებას შემოგვთავაზებს.

 

– როგორ ფიქრობთ, ნიკა, რამდენად გვაძლევს პრემია „საბას“ თარგმანების შორთ ლისტი იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ: „საქართველოში თარგმანი პროგრესის გზას ადგას?”

– არა მგონია, კორექტულად იყოს ფორმულირებული საკითხი. საქმე ის გახლავთ, რომ ამის თქმის საშუალებას როგორც წარდგენილ ნამუშევართა სრული სია, ასევე ლიტერატურულ ბაზარზე ზოგადი მდგომარეობა გვაძლევს. რასაკვირველია, თარგმანები განსხვავებული ხარისხისაა, მაგრამ როგორც მათი დიდი რაოდენობა, ისე ჟანრული თუ ენობრივი მრავალფეროვნება მაფიქრებინებს, რომ ლიტერატურული სივრცის ამ ნაწილს შეიძლება ოპტიმიზმით შევხედოთ.

– არის თუ არა ისეთი სახელი ჩამონათვალში, რომელსაც არ ელოდებოდი ან პირიქით, ელოდებოდი და არ მოხვდა?

– როგორც ზემოთ ვთქვი, წარდგენილი თარგმანები ძალიან მრავალრიცხოვანი იყო, კერძოდ 77 და ამ წიგნებიდან ბევრი იმსახურებდა მოხვედრილიყო შორთ-ლისტში არანაკლებ, ვიდრე შერჩეული კონკურსანტები. ალბათ, სასცილო იქნებოდა მეთქვა, რომ აუცილებლად ეს არა და სხვა რომელიმე უნდა მომხვდარიყო მოკლე სიაში. თუმცა, ერთი კი არის საკვირველი, რომ თარგმანების მხრივ ერთ-ერთი ძალიან პროდუქტიული გამომცემლობის (”წიგნები ბათუმში”) მიერ დასტამბული არც ერთი თარგმანი შეარჩიეს. შესაძლოა, ეს ჟიურის უარზე მეტყველებს, ფანტასტიკა, ან ფენტეზი ლიტერატურად ჩათვალოს, რაც ვფიქრობ, არც თუ გენიალური პოზიციაა.

– როგორია თქვენი პროგნოზი, ვინ გაიმარჯვებს თარგმანის ნომინაციაში?

ჟიურის არჩევანი რთული იქნება და ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული. ამასთან, თითქმის შეუძლებელია, მეტალიტერატურული, პირადი სიმპათიებით განპირობებული არჩევანი იწინასწარმეტყველო. მკითხაობა კი ჩემი პროფესია არ არის, ამიტომაც ნეიტრალური ჟიურის პირობებში შანსებია დასათვლელი. ნაკლებად სავარაუდოა პრემია მეორედ გადაეცეს რომელიმე მთარგმნელს. შესაბამისად სია მცირდება. დარჩენილ ნაწარმოებებში, როგორც მნიშვნელობით, ისე ეგზოტიკურობით (რაც ნებისმიერ ჟიური უყვარს ხოლმე) იუკიო მიშიმას ”ოქროს ტაძარი” და მისი მთარგმნელი, დავით გოგინაშვილი ლიდერობენ, ამდენად ფსონს რომ ვდებდე ლიტერატურულ ტოტალიზატორში, არჩევანს მასზე შევაჩერებდი.

გამართლებულია თუ არა თქვენთვის ის მოცემულობა, რომ თარგმანში ჟანრული იდენტობა დაცული არ არის?

– ეს, როგორც ბრძანეთ, მოცემულობაა. პოეტური თარგმანის ნომინაცია ძალიან მწირი იქნებობა. პროზის მოცულობით გამიჯვნა – საჩოთირო საქმეა. შესაბამისად, ვერ ვხედავ დიდ პრობლემას.

– და ბოლოს, რა არის პრემია „საბას“ მთავარი უარყოფითი და დადებითი თვისება?

იგივე, რაც ნებისმიერი სხვა პრემიის. უარყოფითი: კონიუნქტურა, პირადი და სხვა მეტალიტერატურული ფაქტორები, თუ ძალიან არ გაგვიმართლა – ჟიურის წევრების არაკომპეტენტური, ან ზერელე დამოკიდებულება. დადებითი: სტიმული წერო და თარგმნო კარგად, ლიტერატურული სიახლეების შედარებით მეტი მკითხველისათვის გაცნობის საშუალება.

ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ “წლის საუკეთესო თარგმანის” ნომინაციაში შემდეგი მთარგმნელები არიან წარდგენილნი:

დავით გოგინაშვილი, იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარი“ (გამომცემლობა „დიოგენე“)                                                             თამარ ჯაფარიძე, არუნდატი როის  “წვრილმანების ღმერთი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)                               თეა შურღაია, მაჰმუდ დოულათაბადის „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ (გამომცემლობა „დიოგენე“)                                       ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)                                                   ლელა დუმბაძე, ჰარპერ ლის “მიდი, დააყენე დარაჯი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)                                           მანანა ღარიბაშვილი, რომაული ლირიკის მწვერვალები (გამომცემლობა „ლოგოსი“)                                                       სალომე ბენიძე, სალმან რუშდის “ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)       სულხან მუხიგულაშვილი, ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ (გამომცემლობა „დიოგენე“)     ხათუნა ცხადაძე, უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“ (გამომცემლობა „დიოგენე“)

პრემია “საბას” დაჯილდოება 23 სექტემებერს გაიმართება

კომენტარები

კომენტარი