არტ მენეჯმენტი სტილი, დიზაინი

ინტერვიუ ნინი კარელიძესთან (ხის ჩანთების პროდუქცია, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტს, 21 წლის ნინი კარელიძეს ძალიან უყვარს კითხვა, შესაბამისად, ყოველთვის მოსწონდა წიგნის თემატიკაზე შექმნილი ნივთები, ამიტომაც გადაწყვიტა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი წიგნების გარეკანის გამოსახულებითა და ფორმით ხის ჩანთები შეექმნა. 

“არტნიუსი” ინტერვიუსთან ერთად, წარმოგიდგენთ ნინის პროდუქციასაც:

– უპირველეს ყოვლისა, როდის აღმოაჩინეთ თქვენი თავი ხელოვნებაში, როდის დაიწყეთ ჩანთების წარმოების პროცესი?
– ბავშვობიდან მომწონდა ჩემი დიზაინის ტანსაცმლისა და აქსესუარების ტარება. დედა მიკერავდა და მიქსოვდა ჩემი დიზაინით ტანსაცმელს. თავად ხელნაკეთი ნივთების გაკეთება ორი წელია, რაც დავიწყე. მაისურებს მძივებით ვაფორმებდი, შემდეგ იყო ნაჭრის ჩანთები, წინდები და ნაჭრის ბროშები. რაც შეეხება წიგნის ფორმის ხის ჩანთებს, პირველად ბაზარზე 2017 წლის 30 დეკემბერს გამოჩდა, თბილისი მოლში.

– რა იყო ინსპირაცია? 
– ზოგადად მიყვარს წიგნის თემატიკაზე შექმნილი ნივთები. წიგნის პერსონაჟებით სხვადასხვა ნივთები, მეც მაქვს ჩემი საყვარელი წიგნის მაისური, ჭიქა, ბლოკნოტი და ა.შ.
იდეაც აქედან წამოვიდა, გამეკეთებინა წიგნის ფორმის ჩანთა, მასალად კი ხე ავირჩიე.

 – როგორ დაახასიათებთ ჩანთების გაკეთების პროცესს, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული? 

– პროცესი ერთნაირად დამღლელი და სასიამოვნოა. დასრულებული ჩანთის ყურებას კი არაფერი მირჩევნია, მაგრამ სანამ დასრულდება დიდ გზას გადის. თავიდან ხეს ვჭრი ლაზერული მჭრელით, შემდეგ ხეს ვაშალაშინებ, რომ დაბეჭდვა მოხდეს ლამაზად. გაშალაშინების შემდეგ, ვბეჭდავ და ვაწყობ ჩანთას, რომლის დროსაც ვუკეთებ გადასაკიდს, თექის სარჩულს, სამაგრებს და ა.შ.

– უცხოეთიდან თუ ყოფილა დაინტერესება ან გასულა თუ არა პროდუქცია სხვა ქვეყნის ბაზარზე? 

– კი, ჩანთები უყიდიათ ლონდონიდან, პრაღიდან, ასტანიდან. შესაძლებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მიადგეს ჩემი პროდუქტი.

– როგორ შეიძლება მკითხველმა შეიძინოს თქვენი ჩანთები?
– ამჟამად, შეძენა შესაძლებელია ჩემს facebook გვერდზე:  “კარენინა • KareNina”, სადაც მიკვეთავენ და ვუმზადებ ჩანთას. ჩანთის ფასი 90-120 ლარამდეა.

– და ბოლო კითხვა, რას გეგმავთ მომავალში, აპირებთ თუ არა გაფართოებას?
– დიახ ვაპირებ, იმედია ძალიან მალე კარენინასაც ექნება თავისი კუთხე.

 

 

 

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი