ლიტერატურა

დავით გაბუნია პრემია “საბას” შესახებ: “ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როცა ლიტერატურა მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს”

როგორც მოგეხსენებათ, შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებული მკითხველისთვის კარგად ნაცნობი ქართული პრემია “საბას” დაჯილდოება ახლოვდება. ამიტომაც, “არტნიუსმა” გადაწყვიტა, რომ ლიტერატურული კონკურსის ანალიზს სხვადასხვა პროზაიკოსებთან, პოეტებთან, ნომინანტებთან და კრიტიკოსებთან ერთად შეუდგეს. ამჯერად, ჩვენი რუბრიკის მეორე რესპონდენტი ქართველი დრამატურგი, მთარგმნელი და მწერალი დავით გაბუნიაა. ის რომანის ნომინაციაზე გაგვესაუბრება და სხვადასხვა საკითხზე საკუთარ მოსაზრებას შემოგვთავაზებს.

ქართულ ლიტერატურულ სივრცეში ხშირად გავიგებთ, რომ საქართველოში რომანის პრობლემაა, თუმცა პრემია „საბას“ წლევანდელმა „წლის საუკეთესო რომანის“ შორთ ლისტმა მეტ–ნაკლებად ეს წარმოდგენა გააქარწყლა და ლიტერატურული საზოგადოება დადებითად აალაპარაკა. როგორ ფიქრობთ, „საბადან“ გამომდინარე გვაქვს რაიმე სახის პროგრესი?

ლიტერატურული პრემია (ისევე, როგორც კრიტიკოსთა გამოხმაურებები თუ რეცენზიები), სამწუხაროდ, ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს წიგნის პოპულარიზაციაზე, იმავე პრემია „საბაზე“ დაკვირვება ადასტურებს ამ აზრს – რამდენი გამაჯრვებული წიგნი გვინახავს, რომელმაც  ვერ დაიმსახურა მკითხველის ყურადღება. მაგრამ ბოლო წლების დინამიკამ სხვა რამ გამოაჩინა: ქართული წიგნების, თანამედროვე ქართული რომანისადმი ინტერესი მკითხველში აშკარად გაიზარდა, ამ წიგნებზე ბევრს ლაპარაკობენ, მსჯელობენ, კამათობენ. ეს უკვე თავისთავად კარგი მოვლენაა, ინტერესის დამადასტურებელია. რახან ეს პროცესი დაიძრა, უნდა ველოდოთ, რომ ასევე გაგრძელდება. ჯერ-ჯერობით ძალიან ნელა, მაგრამ მაინც დაეტყო ეს ყველაფერი გაყიდული წიგნების ტირაჟებს. ცხადია, ყველაზე მეტი ინტერესის ობიექტი ყოველთვის რომანები ხდება, ლოგიკურიცაა – საქართველო არ არის აქ გამონაკლისი.

არის ისეთი ავტორი ვის სახელსაც ელოდებოდით ან არ ელოდებოდით და მოხვდა ჩამონათვალში?

პროზაში ასეთი ავტორი არ მახსენდება, შეიძლება, მე გამომრჩა ვინმე და უბრალოდ არ წამიკითხავს. პოეზიის ნომინაციაში კი არ ვიქნები ორიგინალური და ჩემი კოლეგების აზრს გავიმეორებ – ძალიან მოულოდნელი იყო ნუგზარ ზაზანაშვილის მოკლე სიის მიღმა აღმოჩენა.

დამეთანხმებით, რომ დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია ლიტერატურის ფუნქციის განსაზღვრა შემდეგი დიქოტომიით: ლიტერატურა, როგორც სოციალური ინსტრუმენტი და ლიტერატურა, როგორც ლიტერატურა.  როგორია თქვენი მოსაზრება, რამდენად უნდა იყოს ის ხალხის სამსახურში ან რამდენად უნდა გაემიჯნოს მას?

არ ვიცი, ვისთვისაა ეს აქტუალური. ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როცა ლიტერატურა მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს (წიგნის ბაზრის გამოცოცხლებას ვგულისხმობ – როცა ორი-სამი ავტორის გარდა, სხვებმაც მიიქციეს ყურადღება და მათი წიგნებით საზოგადოება დაინტერესდა). ამიტომ, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ეს ფუფუნება, რაღაც დიდ ტენდენციებზე და დახარისხება-გადარჩევაზე ვილაპარაკოთ. ეს მხოლოდ საწყისებია. დანარჩენს „ბაზარი დაარეგულირებს“. ყველა ხუმრობაში ხუმრობის მხოლოდ წილია, ოღონდ.

როგორია თქვენი პროგნოზი, ვინ გაიმარჯვებს?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სულ მცირე, ყველა ტექსტი წაკითხული უნდა გქონდეს, რითაც ნამდვილად ვერ დავიკვეხნი. თუმცა, გარკვეულ ნომინაციებზე მაქვს მოსაზრებები – რაც უფრო სურვილებია და არა პროგნოზი – (რადგან ჟიურის შემადგენლობა არ ვიცი, შეუძლებელია, რაღაც ვიწინასწარმეტყველო) – დებიუტის ნომინაციაში გულით ვუსურვებ გამარჯვებას ზურა აბაშიძეს – მისი მოთხრობები რაღაც ძალიან საინტერესოსა და ახლის დასაწყისად მეჩვენება. პოეზიის ნომინაციაში ტიტანების ჭიდილია (ამ ნომინაციაში ლამის ყოველ წელს ვარსკვლავთცვენაა), მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, ვახტანგ ჯავახაძე უკონკურენტო იქნება. თარგმანის ნომინაციაში ასევე ბევრი ძალიან კარგი ნამუშევარია – თამარ ჯაფარიძის თარგმანი (არუნდატი როის „წვრილმანების ღმერთი“) ერთ-ერთი ისეთი ნამუშევარია, რომლის კითხვისას გაოცებას ვერ მალავ – ნუთუ ასეთი ქართულით წერა შესაძლებელია? ძალიან კარგია სულხან მუხიგულაშვილის ბოჰუმილ ჰრაბალი, ხათუნა ცხადაძის უმბერტო ეკო… ამოუწურავი ნომინაციაა, მიჭირს პროგნოზის გაკეთება. რაც შეეხება „მთავარ ნომინაციას“ – საუკეთესო რომანს, ცხადია, მთავარი კონკურენტები არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ და ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ იქნებიან. საჯარო დისკუსიებმა ეს უკვე ცხადად გამოკვეთა. ორივე წიგნი ძალიან საინტერესოა, მაგრამ არჩევანი ჩემზე რომ იყოს, შუღლაძეს ვარჩევდი. ზოგს მღვდელი, ზოგს მღვდლის ცოლი, ზოგს კიდევ – არცერთიო.

ზოგადად, რას იტყვით საბას ჟიურის შემადგენლობაზე წინა წლებიდან გამომდინარე, რამდენად კომპეტენტურ ლიტერატორებაზეა გადაწყვეტილება დამოკიდებული?

ბოლომდე კომპეტენტური ჟიურის წარმოდგენა შეუძლებელია. მაგალითად, სულ მგონია, რომ ძირეული ცვლილებაა საჭირო თარგმანის ნომინაციაში გადაწყვეტილების მისაღებად. უბრალოდ წარმოუდგენელია, თარგმანი ფასდებოდეს დედანთან შედარების გარეშე. ამ შემთხვევაში ხომ მხოლოდ „კარგ ქართულს“ ვაფასებთ, თავად ნათარგმნი წიგნის მნიშვნელობას და არა უშუალოდ ნამუშევრის ხარისხს.  ნებისმიერი ხუთი ან შვიდი ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს გარკვეული კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომელიც სულ სხვადასხვა წყაროებიდან საზრდოობს. ამაში გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია.

როგორ ფიქრობ, პრემია „საბას“ დადებითი და უარყოფითი თვისება რა შეიძლება იყოს?

დადებითი უკვე ის გახდა, რომ ლამის სპორტული შეჯიბრების დონის აზარტულ კომენტარებს იმსახურებს, ყველას აინტერესებს, ვინ გახდება გამარჯვებული. ნომინანტებისთვის ვერ არის სასიამოვნო პროცესი (ვყოფილვარ და არც ისე კარგად მახსენდება), მაგრამ ზოგადად, ლიტერატურული პროცესისთვის კარგია, მასტიმულირებელია. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ფართო მკითხველზე, ე.წ. წიგნის ბაზარზე გავლენას მაინცდამაინც ვერ ახდენს, კაცმა რომ თქვას, მხოლოდ ლიტერატორთა და ლიტერატურასთან ახლოს მყოფ წრეების ინტერესს იმსახურებს. ეს, ალბათ, თანდათან შეიცვლება და გავლენაც მეტად გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ პრემია “საბას” დაჯილდოება, როგორც დაანონსებულია, 23 სექტემბერს გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი