ლიტერატურა

თბილისში ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი ჩამოდის

11 სექტემბერს გამომცემლობა ინტელექტისა და გამომცემლობა არტანუჯის მოწვევით თბილისს ბელარუსი მწერალი და ჟურნალისტი, სვეტლანა ალექსიევიჩი ეწვევა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება მკითხველებს, ჟურნალისტებს, ქართველ კოლეგებსა და გამომცემლებს.

სვეტლანა ალექსიევიჩი 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში. ქართულ ენაზე მისი წიგნების უმეტესობაა თარგმნილი. „ჩერნობილის ლოცვა“, „ომს არ აქვს ქალის სახე“, „სექენდ ჰენდის დრო“, „ცინკის ბიჭები“ – ამ წიგნებით სვეტლანა ალექსიევიჩმა მთელ მსოფლიოს აჩვენა თუ რას ნიშნავს დიდი იმპერიის ავტორიტარული რეჟიმი, როგორია უბრალო ხალხის ბედი ჩერნობილის ტრაგედიის, ავღანეთის თუ მეორე მსოფლიო ომის დროს, და როგორია საბჭოთა ადამიანის ცხოვრება რეჟიმის ნგრევის შემდეგ.

ბელარუსი მწერალი არც თანამედროვე მოვლენების მიმართაა გულგრილი. მის საჯარო გამოსვლებში ხშირად ისმის ხმამაღალი კრიტიკა რუსეთში არსებული რეჟიმისა და რუსული იმპერიული მმართველობის შესახებ. სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნების ქართული თარგმანები გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერაა გამოცემული.

 

სვეტლანა ალექსიევიჩის ვიზიტის განრიგი:

11 სექტემბერი, 14:00 საათი, მწერალთა სახლი – პრესკონფერენცია და შეხვედრა მედიასთან (მედიის დასწრება თავისუფალია, აკრედიტაციის გარეშე, თან იქონიეთ მედიასაშუალების წარმომადგენლის დამადასტურებელი მოწმობა);

11 სექტემბერი, 19:00 საათი, საქათველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა – დახურული საზეიმო მიღება (დასწრება მოსაწვევებით. მედიის დასწრება თავისუფალია, თან იქონიეთ მედიასაშუალების წარმომადგენლის დამადასტურებელი მოწმობა);

12 სექტემბერი, 11:00 საათი, გამომცემლობა ინტელექტისოფისი – სვეტლანა ალექსიევიჩის დახურული შეხვედრა მის ქართველ გამომცემლებთან, მთარგმნელებთან, რედაქტორებთან; (მედიის დასწრება თავისუფალია, თან იქონიეთ მედიასაშუალების წარმომადგენლის დამადასტურებელი მოწმობა);

12 სექტემბერი, 19:00 საათი, რუსთაველის თეატრის მთავარი სცენა – შეხვედრა მკითხველთან (შეხვედრაზე დასასწრებად გაიცემა უფასო ბილეთები);

ბილეთების მისაღებად მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ გამომცემლობა „ინტელექტის“ ოფისში 2-3 სექტემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე. ერთ ადამიანზე გაიცემა მაქსიმუმ 3 მოსაწვევი. საჭიროა ყველამ იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

პრესკონფერენციისა და მკითხველთან შეხვედრის გაშუქება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი