კინო

რატომ უნდა ვუყუროთ დიუნკერკს?

ავტორი: დავით ცარელაშვილი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრისტოფერ ნოლანი თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეჟისორია და მისი ყოველი ახალი ფილმი მუდმივად განხილვისა და გარჩევის საგნად იქცევა ხოლმე.

წამყვანი გამოცემების დამსახურებული კრიტიკოსების ერთი ნაწილი თუ მუდამ მზადაა, მისი მზე იფიცოს და ხუთიდან ხუთი ვარსკვლავი ჩაახუტოს, მეორე ნაწილი მსგავსი შემართებითვე ასწორებს მის ყოველ მომდევნო ფილმს მიწასთან. ვერ ვიტყვით, რომელიმე მხარე მუდმივად სცოდავდეს ბრიტანელი რეჟისორის შეფასებისას: ნოლანი ყოველთვის იძლევა მისი ქებისა და ლანძღვის საბაბს. ბნელი რაინდის ტრილოგის გახსენებაც საკმარისი იქნება რეჟისორის ნიჭიერებისა თუ უნიჭობის შესაფასებლად. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შჩI-Fი საფარქვეშ შემალული ჰიპერსენტიმენტალური მამა-შვილობის დრამა “ინტერსტელარიც” კრისტოფერ ნოლანის ფილმია (როგორც “მემენტო”, “დასაწყისი” და “უძილობა”).

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც ხმა გავარდა, რომ ნოლანი მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე იღებდა ფილმს, ყველანი დიდი მოთმინებით ველოდით რაღაც ეპიკურსა და მასშტაბურს. თან ისიც გვაინტერესებდა, რით უნდა გავეკვირვებინეთ სტენლი კუბრიკის, ტერენს მალიკის და სტივენ სპილბერგის საომარ დრამაგამოვლილებს, მაგრამ ბრიტანელმა რეჟისორმა მაინც იპოვა თავისი გზა და კვალი ათასჯერ გატკეპნილ ჟანრში და შეიძლება ითქვას, ორმოცდაშვილი წლის ასაკში თავისი საუკეთესო ფილმი გადაიღო.

 

მიუხედავად ამისა, მაინც ვერ დავეთანხმებით ბევრ კინოკრიტიკოსს, თითქოს ეს ფილმი შედევრი, ახალი სიტყვა იყოს მსოფლიო კინოში. დიუნკერკის ყურებისას მე პირადად ბოლომდე ვერ მივხვდი მხატვრულ ფილმს ვადევნებდი თვალს თუ ერთგვარ ვიდეოინსტალაციას, რომლის ადგილი კინოთეატრის ეკრანზე კი არა, მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ გამოფენაზე უფრო მოიძებნებოდა.

ნოლანის სხვა ფილმებისგან განსხვავებით დიუნკერკს ერთი გამოკვეთილი სიუჟეტი არ აქვს. ფაბულა კი ბატონო, აქვს და სახლში დაბრუნების იმ მარადიულ თემას იმეორებს, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის ლიტერატურაში გვხვდება (თუნდაც ჰომეროსის ოდისეა გავიხსენოთ). დაახლოებით სამასი ათასი ბრიტანელი ჯარისკაცი დიუნკერკის ალყაშია მომწყვდეული. პირობითი მტერი ნელ-ნელა მოიწევს მათი პოზიციებისკენ მაგრამ გასაქცევი არსადაა. ათასობით ჯარისკაცი მუდმივად ელოდება ბრიტანული საზღვაო ხომალდების გამოჩენას და ევაკუაციას, მაგრამ როგორც ოფიცრების საუბრიდან ვიგებთ ჰორიზონტზე გემების გამოჩენისა და სრული ევაკუაციის იმედი არც ჯარისკაცებს და არც მაყურებელს არ უნდა ჰქონდეს. მტერზე საუბრისას სიტყვა “პირობითი” შემთხვევითი არაა.

 

ნოლანის დამსახურებად უნდა ჩავთვალოთ, რომ კონკრეტიკას გაექცა და ეკრანზე “საზიზღარი გერმანია” არ გვაჩვენა. თუ სწორად მახსოვს, ფილმში ერთი გერმანელი ჯარისკაციც კი არ ჩნდება და თუ ჩნდება, ისიც ჩამავალი მზის ფონზე, როცა მხოლოდ მათ ლანდებს ვხედავთ. მეორე მსოფლიო ომზე შექმნილი დრამებისგან განსხვავებით ნოლანმა აქცენტი კონკრეტულად ომის საშინელების ასახვაზე გააკეთა. შეიძლება ითქვას, რომ „დიუნკერკში“ მტერი აბსტრაქტული ცნებაა, ნამდვილი მტერი გერმანია, იაპონია ან იტალია კი არა, ოთხი სტიქიაა. ჯარისკაცები სწორედ მიწას, ცეცხლს, ჰაერს და წყალს ებრძვიან, იმ ოთხ სტიქიას, რომელსაც ისევე ააქტიურებს და სასიკვდილო იარაღად აქცევს ომი, როგორც ჟღალთმიანი ლილუ ლუკ ბესონის “მეხუთე ელემენტში” (თუმცა იქ საპირისპირო მიზნით ერთიანდებიან სტიქიები). ალბათ ამიტომაცაა, რომ ომზე შექმნილ ამ ფილმში წვეთ სისხლსაც ვერ ვხედავთ; და ესეც ნოლანის დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ, რომ გაუძლო ცდუნებას და მელ გიბსონის “ჰაქსოს გმირის მსგავსად” სისხლით არ მორწყო ზღვის სანაპირო და მთელი დიუნკერკი. მისთვის მთავარი იყო ეჩვენებინა, როგორ უნდა გადაირჩინო თავი და შეინარჩუნო ომში ადამიანობა, ვიდრე რაღაც საოცრებები და სასწაულები აკეთო, როგორც სპილბერგის და გიბსონის ფილმებშია („დიუნკერკში“ ზოგჯერ გმირობასაც საკუთარი თავის გადასარჩენად ჩადიან).

საგულისხმოა, რომ ფილმი ევაკუაციაზეა, გაქცევაზე და არა ბრძოლასა და თავდადებაზე, და ფინალშიც არ ისმის შემთხვევით ჩერჩილის ცნობილი სიტყვები “ზოგჯერ გადარჩენაც უდიდესი გმირობაა”. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია რამდენიმე ადამიანის თავდადების გარეშე “დიუნკერკის სასწაულად” წოდებული მოვლენა დაფიქსირებულიყო ისტორიის სახელმძღვანელოებში და ვერც ნოლანი გადაურჩა ერთი-ორი „მიჩქმალული გმირობის გამოსარჩლებას“. ასეთ გმირად ნილანის ერთ-ერთი ფავორიტი მსახიობი ტომ ჰარდი იქცა, რომელიც მთელი ფილმი ავიაგამანადგურებელში ზის და მთელი ქრონომეტრაჟის მანძილზე მხოლოდ ერთი წუთით თუ ვხედავთ მის სახეს. საერთოდ, „დიუნკერკის“ სამსახიობო გუნდზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით. ისევ და ისევ რეჟისორის ჩანაფიქრის გამო, იგივე ტომ ჰარდის პერსონაჟს ვინმე მეათეხარიახოვანი მსახიობიც მშვენივრად ითამაშებდა, რადგან „დიუნკერკი“ არაა ფილმი კონკრეტულ ადამიანებზე, ესაა ფილმი ათასობით ადამიანზე, რომლებსაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, გადარჩნენ. მიუხედავად ამისა, ფილმი მაინც გვაცნობს რამდენიმე პერსონაჟს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მათი წარსული და ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან ფილმის საერთო ნარატივში ეწერება და მეორეს მხრივ, ცუდი, რადგან ფილმში კონკრეტულ პერსონაჟებს ვერაფრით უთანაგრძნობ.

 

ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, ნოლანს ამ მხრივ პრობლემები ნაკლებად ექმნება ხოლმე. ოპერატურა და მხატვრობა მინიმუმ ნომინაციას დაიმსახურებს მომავალ ოსკარებზე, ხოლო ჰანს ციმერიც, მოგვწონს თუ არ მოგვწონს მისი მუსიკა, „დიუნკერკში“ მოწოდების სიმაღლეზე დგას. მხოლოდ ესაა, ნოლანმა ცოტა არ იყოს, გადაამლაშა ამ მუსიკის გამოყენებისას (თუ შეიძლება მუსიკა ვუწოდოთ ციმერის კომპოზიციებს, ამ სიტყვების ყველაზე არანეგატიური გაგებით). ფილმის ჩვენებას დიუნკერკის რამდენიმე ვეტერანი დაესწრო და იქედან გამოსულებმა განაცხადეს, რაღაც არ გვახსენდება ამისთანა ხმაური ყოფილიყო იქო.

 

რეკომენდაცია: კიდევ ერთხელ შეავლეთ თვალი სტატიის სათაურს.

კომენტარები

კომენტარი