ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

პაატა შამუგია პრემია “საბას” შესახებ: ძალიან გამიკვირდა, ჩემი თავი რომ ვერ აღმოვაჩინე სიაში. თუმცა, მალევე გამახსენდა, რომ ჩემი ბოლო წიგნი ახლახან გამოიცა

როგორც მოგეხსენებათ, შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებული მკითხველისთვის კარგად ნაცნობი ქართული პრეამია “საბას” დაჯილდოება ახლოვდება. ამიტომაც, “არტნიუსმა” გადაწყვიტა, რომ ლიტერატურული კონკურსის ანალიზს სხვადასხვა პროზაიკოსებთან, პოეტებთან, ნომინანტებთან და კრიტიკოსებთან ერთად შეუდგეს. ამჯერად, ჩვენი რუბრიკის პირველი რესპონდენტი ქართველი პოეტი და ლიტერატურული პრემია “საბას” ორგზის ლაურეატი პაატა შამუგიაა. ის პოეზიის ნომინაციაზე გვესაუბრება და სხვადასხვა საკითხზე საკუთარ მოსაზრებას შემოგვთავაზებს.

“ARTNEWS-ი” გთავაზობთ ინტერვიუს პაატა შამუგიასთან:

დღესდღეობით ლიტერატურულ სივრცეში ხშირად ისმის, რომ წლევანდელი შორთ-ლისტი პოეზიის ნომინაციაში ერთ-ერთი საუკეთესოა მისი არსებობის მანძილზე. როგორ ფიქრობ, რამდენად მართალია ეს მოსაზრება და რამდენად ძლიერი ავტორებით დაკომპლექტდა პოეზია წელს?

პოეზიის ნომინაცია “საბაზე” თითქმის ყოველთვის შთამბეჭდავი იყო . მიზეზი ისაა, რომ ჩვენთან ამ სფეროში უფრო მეტი ავტორი „მუშაობს“, ვიდრე, მაგალითად, რომანში, პიესაში ან კრიტიკაში. შესაბამისად, მეტია ალბათობა სიაში უფრო მეტი კარგი პოეტის  ყოფნისაც. წლევანდელი სია, გარდა თავად პოეზიის ხარისხისა, სხვა მხრივაც საინტერესოა: პირველად მოექცნენ კაცი პოეტები უმცირესობაში – ორად ორი კაცია და ოთხი ქალი.

არის ისეთი ავტორი ვის სახელსაც ელოდებოდით ან არ ელოდებოდით და მოხვდა ჩამონათვალში?

ძალიან გამიკვირდა, ჩემი თავი რომ ვერ აღმოვაჩინე სიაში. თუმცა, მალევე გამახსენდა, რომ ჩემი ბოლო წიგნი ახლახან გამოიცა და შესაბამისად, წელს, ფიზიკურად ვერ იქნებოდა.

როგორია თქვენი პროგნოზი, ვინ იმსახურებს გამარჯვებას?

სულ რამდენიმე თვის წინ ვიყავი „ლიტერას“ ჟიურის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ იქ სულ სხვა ხალხი ვიყავით და „საბაში“, სავარაუდოდ, სულ სხვა ხალხი იქნება, ორივე სია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ეს ნიშნავს, რომ არის წიგნები, რომელთაც ლიტერატურულმა და აკადემიურმა წრეებმა ნდობა გამოუცხადა. მე ჩემი არჩევანი „ლიტერაზე“ გავაკეთე, „საბას“ არჩევანს მივანდობ „საბას“ ჟიურის.

ზოგადად, რას იტყვით საბას ჟიურის შემადგენლობაზე წინა წლებიდან გამომდინარე, რამდენად კომპეტენტურ ლიტერატორებაზეა გადაწყვეტილება დამოკიდებული?

ნებისმიერ ჟიურიში, ისევე როგორც თავად ლიტერატურაში და საერთოდ, ყველა სფეროში, არიან მეტად და ნაკლებად კომპეტენტური ადამიანები. შესაბამისად, „საბას“ ჟიურიც ვერ იქნება იდეალური. ის არის ისეთი, როგორიცაა ჩვენი ლიტერატურული და აკადემიური სამყარო. რამდენიმე წლის წინ მეც ვიყავი „საბას“ ჟიურიში და ვფიქრობ, რომ არც საკუთარ ესთეტიკურ იდეალებთან კომპრომისზე წავსულვარ და არც – სინდისთან.

როგორ ფიქრობ, პრემია „საბას“ მთავარი პლუსი და მინუსი რა შეიძლება იყოს?

„საბა“ კერძო პრემიაა და ამიტომ მხოლოდ სურვილი შეიძლება მქონდეს და არა მოთხოვნა. სურვილი არის ის, რომ დებიუტში ერთმანეთს არ უნდა ებრძოდნენ მთარგმნელი, პოეტი, რომანისტი, კრიტიკოსი და ა.შ. ჟიურისთვისაც რთულია ასეთ პირობებში არჩევნის გაკეთება.  ჩემი სურვილია, იყოს ბევრი კერძო პრემია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას. მაგალითად, „საბაზე“ ჟანრულ ლიტერატურას გაუჭირდება ფეხის მოკიდება, მას აკადემიური წრეები სერიოზულად არ უყურებენ და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება – ვერცერთი ფენტეზი, ჰორორი ან სამეცნიერო ფანტასტიკა ვერ გაჭაჭანდება ნობელის, ან ბუკერის სიახლოვეშიც კი. ამიტომაც ჟანრული ლიტერატურის ხალხმა გამოიგონა ახალი პრემიები, რომლებიც უშუალოდ ჟანრულ ლიტერატურაზეა ორიენტირებული – ნებულა, ჰუგოს პრემია და ა.შ.  კარგი იქნება, ჩვენებმაც იფიქრონ მსგავს რამეზე, მით უმეტეს, რომ უკვე გამოჩნდა არაერთი საინტერესო ავტორი ამ მხრივაც.
რაც შეეხება პლუსს – „საბას“ დაარსების დღიდან ის არის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული პრემია საქართველოში. ქართულ სალიტერატურო სივრცეში ყველაზე ცხელი პერიოდი არის „საბას“ დაჯილდოებისწინა და დაჯილდოებისშემდგომი პერიოდი. ჰოდა, სასექტემბროდ მაგრად ჩამოცხება.

პრემია “საბას” დაჯილდოება, როგორც დაანონსებულია, 23 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი