არტ მენეჯმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიები

როგორ ავაწყოთ კარგი პორტფოლიო?

როგორ გავაკეთოთ ყველაზე ეფექტური პორტფოლიო, რომელიც დასაქმებაში დაგვეხმარება? ხშირად ბევრი ხელოვანი და დიზაინერი პორტფოლიოს უბრალოდ აწყობს, აწესრიგებს ვიზუალურად და შემდეგ გზავნის. ბაზარზე, სადაც კარგი კადრების მოთხოვნა ყოველთვის მაღალია და ხარისხიც ნელ-ნელა იზრდება, მცირე დეტალსაც კი შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იხილეთ ჩვენი რჩევები პორტფოლიოს მოსაწესრიგებლად:

1. მოაწესრიგეთ ნამუშევრები გონივრული მიმდევრობით:

არ შიეძლება პირველი დავდოთ საუკეთესო ნამუშევარი და ბოლო ყველაზე ცუდი, რადგან მნახველს აჯილდოებთ იმით, რომ ბოლომდე დაათვალიერა ნამუშევრები და რას ვახვედრებთ დასასრულს, ცუდ ნამუშევარს? უნდა დავალაგოთ ნამუშევრები ისეთი მიმდევრობით, რომ მნახველს შეეძლოს “იმოგზაუროს” თავისუფლად და შეიქმნას წარმოდგენა იმაზე, თუ რას და როგორ აკეთებთ თქვენ. არ უნდა გახდეთ დამოკიდებული მხოლოდ იღბალზე – ჩავყაროთ პორტფოლიოში ნამუშევრები და დაველოდოთ რა მოხდება. ჩვენ გირჩევთ, დადოთ საუკეთესო ნამუშევარი პირველი, მეორე საუკეთესო ნამუშევარი სულ ბოლო, მესამე საუკეთესო ნამუშევარი შუაში და შემდეგ, მათ შორის გადაანაწილოთ ნამუშევრები, როგორც პირველ ფოტოზეა მითითებული.

2. არ გაცდეთ თემას:

თუ ნატურმორტის თემაზე ხართ ორიენტირებული კონკრეტულ პორტფოლიოში, ეცადეთ, არ შეიტანოთ კონტრასტულად განსხვავებული თემები, მაგალითად დეპრესია, ბატალური სცენები თუ საშინელებათა ჟანრი.

3. მოარგეთ პორტფოლიო მოთხოვნას:

თუ პორტფოლიოს აგზავნით წიგნის ილუსტრატორის პოზიციაზე, უკვე იცით, როგორი ნამუშევრები უნდა შეიტანოთ მასში, რომ უფრო რელევანტური გახდეს დამსაქმებლისთვის თქვენი განაცხადი. საუკეთესო შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი ნახულობს თქვენ პორტფოლიოს, მათ იზიდავთ არა მხოლოდ ისეთი ნამუშევრები, რომლებსაც თვითონაც აკეთებენ, არამედ ისეთი პორტფოლიო, რომელიც მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ ნამუშევრები განსხვავებულია იმისგან, რასაც თვითონ ამჟამად აკეთებენ. ასეთი პრაქტიკა აჩვენებს, რომ თქვენ მათ მოთხოვნებში ჯდებით და ასევე ხართ ახალი რესურსი, რომელიც მათ ჯერ არ გააჩნიათ.

4. რამდენი ნამუშევარი უნდა გვქონდეს პორტფოლიოში?

ამ საკითხზე დისკუსია დიდი ხანია მიმდინარეობს. თუმცა, ყველაზე გავრცელებული რაოდენობა 10-დან 20 მდეა. ათზე ნაკლები ნამუშევარი საკმაოდ მწირია, ხოლო 30 ნამუშევრის ნახვა ზედმეტად დიდ დროს მოითხოვს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ პორტფოლიოს მოწონების შემთხვევაში დამსაქმებელმა რომ გთხოვოთ, აჩვენოთ და გასაუბრებაზე მიიტანოთ დამატებით კიდევ ნამუშევრები, აუცილებლად უნდა გქონდეთ რეზერვში მეტი, რომ შეძლოთ ჩვენება.

5. პერსონაზე მიმართული პორტფოლიო:

მნიშვნელოვანია, რომ პორტფოლიო იყოს კონკრეტულ ორგანიზაციაზე მორგებული. თქვენი პორტფოლიო სამოტივაციო წერილთან ერთად თუ ზუსტად იგივეა, რასაც ყველა სხვა დამსაქმებელს უგზავნით, არ გაგზავნოთ არსად ასეთი პორტფოლიო. მაგალითად, თუ პორტფოლიოს უგზავნით გამომცემლობას, შეიტანეთ ცვლილება სათაურში, დაწერეთ, რომელი ორგანიზაციისთვისაა და ზოგადად, მოარგეთ თქვენი სამოტივაციო წერილის შინაარსიც და დიზაინიც ამ კონკრეტულ ორგნიზაციას და მის სამუშაო აღწერილობას.

იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ უკეთესი პორტფოლიოს ორგანიზებაში და სამომავლოდ დასაქმებაში.

კომენტარები

კომენტარი