ლიტერატურა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა “ფაუსტის” მე-2 ნაწილს გამოსცემს

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა “ფაუსტის” მე-2 ნაწილს გამოსცემს – ამის შესახებ მათი ოფიციალური ვებ-გვერდიდან ვიგებთ.

“ARTNEWS-ი” სიახლეს უცვლელად გთავაზობთ:

დავით წერედიანის მიერ ბრწყინვალედ თარგმნილი „ფაუსტის“ პირველი ნაწილის გამოსვლის შემდეგ მკითხველი საკმაოდ დიდხანს ელოდა მეორე ნაწილსაც, რომელსაც გერმანელი მწერალი სიცოცხლის ბოლომდე წერდა. თუ ტრაგედიის I ნაწილი ხალასი პოეზიით და ემოციურობით გამორჩეული შედევრია, II ნაწილი, თომას მანის სიტყვებით, „სანახევროდ ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ – მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის ყველა წყარო ჩქეფს“. დავით წერედიანმა ამჯერადაც შესანიშნავად მოახერხა ამ წყაროების ქართულად ამღერება და „ფაუსტის“ მეორე, ნაკლებ დრამატულ და უფრო პოეტურ ნაწილს მშობლიურ ენაზეც შეგვიძლია გავეცნოთ.

„როგორ დასრულდა ის დიდი დავა უფალსა და ეშმას შორის, წიგნის პროლოგში რომ გაინასკვა? გოეთე ახლა, ხანგრძლივი ცხოვრების ბოლოს, კეთილსა და ბოროტს შორის დადებულ სანაძლეოს ძალიან სერიოზულადაც აღარ უყურებს, თუკი როდისმე უყურებდა: ახლა მისთვის უფრო მისაღები ის თვალსაზრისია, რომ სიკეთე და ბოროტება ერთმანეთით არსებობს, ერთმანეთს განაპირობებს, და რომ აქ, ამქვეყნად, რომელიმე მათგანის საბოლოო გამარჯვება შეუძლებელია“ – დავით წერედიანი.

კომენტარები

კომენტარი