არტ მენეჯმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიები

8 რჩევა, როგორ გახადოთ სამუშაო სივრცე უფრო “ჯანსაღი” თანამშრომელთათვის

მადლენ პარკერი, ვებ-დეველოპერია, რომელიც უკვე წლებია დეპრესიასა და შფოთვით აშლილობას ებრძვის. რამდენიმე დღის წინ მან თავის გუნდს ელექტრონული ფოსტით მიწერა, რომ 2 დღით, საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის მისახედად შვებულებას იღებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მადლენმა ხელმძღვანელისგან პასუხი მიიღო:

“გამარჯობა, მადლენ,
უბრალოდ, პირადად მინდოდა მადლობა გადამეხადა შენთვის ასეთი წერილისთვის. შენ შემახსენე ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა. სიმართლე გითხრა, ყოველთვის ვოცდები, როცა მახსენდება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო კუთვნილ ბიულეტენზე გასვლა ორგანიზაციებში, არც თუ ისე ხშირი პრაქტიკაა. შენ მისაბაძი მაგალითი ხარ თითოეული ჩვენგანისთვის და ძალიან გვეხმარები სტიგმის დაძლევაში.“

ასეთი წერილის მიღების შემდეგ, მადლენმა ის თავის ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა, რასაც საკამოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. კომენტარებში მადლენის ერთ-ერთმა მეგობარმა ისიც კი აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას ისიც არაერთხელ შეუწუხებია, თუმცა სტიგმისა და სირცხვილის გამო ფიზიკური ავადმყოფობა მოუმიზეზებია სამსახურის გასაცდენად.

საქართველოში, შრომის კოდექსის თანახმად, ანაზღაურებადი ბიულეტენის უფლება ენიჭება თანამშრომელს სამედიცინო დაწესებულებიდან შრომისუუნარობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასეთი პროცედურებისა და ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმის გამო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად ანაზღაურებად ბიულეტენს არც თუ ისე ბევრი მოქალაქე იყენებს.

კვლევებმა გვიჩვენეს, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი თანამშრომლები ბევრად უფრო პროდუქტიულები არიან, ეს კი პირდაპირ პროპორციულია ორგანიზაციის წარმატებასთან. ვორვიკის უნივერისტეტის ეკონომისტების კვლევამ აჩვენა, რომ “ბედნიერი” თანამშრომლები 12 % ით უფრო პროდუქტიულები არიან, როდესაც “უბედური” თანამშროლები 10 % ით უფრო ნაკლებად პროდუქტიულები აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ამ სტატიით ჩვენ გვსურს, რომ მოგაწოდოთ 8 რჩევა ხელმძღვანელთათვის თუ როგორ გახადოთ თქვენი სამუშაო სივრცე უფრო “ჯანსაღი” თანამშრომელთათვის:

 

1. თუ თქვენი თანამშრომელი ითხოვს შვებულებას პრობლემების გამო, ჩანიშნეთ შეხვედრა

ნუ მოერიდებით თანამშრომლებთან მათი პირადი პრობლემების განხილვას. თუ მათი ფსიქიკური მდგომარეობა მომავალში სამუშაოსაც ავნებს, თქვენ როგორც ხელმძღვანელმა უნდა იცოდეთ ამის შესახებ – და ერთად დასახოთ გეგმა თუ როგორ გაუმკლავდებით ამ პრობლემას.

2. ნუ მოგერიდებათ დახმარების შეთავაზება

მესმის, შეიძლება იფიქროთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ზედმეტად პირადულია და ამ თემაზე ლაპარაკი თანამშრომელთან უხერხულია, მაგრამ ამ თემაზე, უბრალოდ, საუბარიც კი საკმაოდ მამოტივირებელი შეიძლება აღმოჩნდეს თანამშრომლისთვის. არ არის აუცილებელი კონსულტაცია გაუწიოთ, უბრალოდ აგრძნობიენთ რომ მზად ხართ დასახმარებლად.

3. დანერგეთ უკუკავშირის კულტურა

ელაპარაკეთ თანამშრომლებს, შეუფასეთ სამუშაო, შეაფასებინეთ ერთმანეთის შესრულებული სამუშაო და რაც მთავარია, რეაგირება მოახდინეთ უკუკავშირზე. ეს დაგეხმარებათ მუდმივად საქმის კურსში იყოთ.


4. დააკვირდით ცვლილებებს

ატყობთ თანამშრომლებს ცვლილებებს? უჭირთ სამუშაოს დროზე შესრულება? არიან უფრო პასიურები? ნაკლებად ინტერაქციულები? მაშინ შეიძლება თქვენი დახმარება სჭირდებოდეთ.

5. ღიად ისაუბრეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

ყველაზე იოლი გზა სტიგმასთან საბრძოლველად ამ თემაზე საუბარი და დისკუსიაა. აჩვენეთ თქვენს თანამშრომლებს, რომ ამ თემას ყურადღებას აქცევთ. გაუგზავნეთ საერთო წერილი შინაგანაწესის შესახებ, სადაც აღწერთ თქვენს დამოკიდებულებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის მიმართ.

6. შეაფასეთ თქვენი ორგანიზაციის კორპორატიული კულტურა

დაასრულეთ თანამშროლმების შექება სამსახურში გვიანობამდე დარჩენის, ლანჩის შესვენების არგამოყენების, უქმეებზე მუშაობის გამო. პროდუქტიულობისთვის პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შორის ბალანსის დაცვაა საჭირო.

7. იყავით უფრო მეტად მოქნილი

როდესაც თანამშრომელი თავის ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად მუშაობს, შეიძლება ხელის შეწყობა დასჭირდეს. ნუ შეშინდებით, მოუსმინეთ მათ და ეცადეთ დაეხმაროთ. კვლევებმა გვიჩვენეს, რომ თანამშრომლების 42 % სტრესისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამსახურს ტოვებს. ეცადეთ იყოთ მოქნილი, ეს,  რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ წესები უნდა დაირღვეს, უბრალოდ შეეცადეთ, უფრო მეტად ღია იყოთ მაშინ, როდესაც თანამშრომელს რაციონალური მიზეზი აქვს.


8. დანერგეთ ფსიქიკური ჯანმრთელობისადმი პატივისცემის კულტურა

იყავით მისაბაძი თქვენი თანამშრომლებისთვის. როდესაც ვინმე უსაფუძვლოდ იტყვის: “ღმერთო ჩემო, ღრმა დეპრესია მაქვს” მხოლოდ იმიტომ, რომ წვიმს, წყნარად აუხსენით, რომ ასეთი საუბარი არ არის მისაღები და რომ შეიძლება არსებობენ ადამიანები ვინც ქრონიკულ დეპრესიას ებრძვიან და სხვებს მათი პატივისცემა გვმართებს.

სტატია მოამზადა ანი ნიორაძემ

წყარო:
http://metro.co.uk/2017/07/19/how-bosses-can-make-their-workplace-more-mental-health-friendly-6790918/
https://www.washingtonpost.com/news/get-there/wp/2017/07/13/taking-sick-leave-for-a-mental-health-day-and-your-boss-doesnt-bash-you-for-it/?utm_term=.9a7dcf285a0e
https://www.forbes.com/sites/amymorin/2017/07/12/how-to-know-when-you-need-a-mental-health-day/#45ca2f84187e
https://www.fastcompany.com/3048751/happy-employees-are-12-more-productive-at-work 

კომენტარები

კომენტარი