არტ მენეჯმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიები

მნიშვნელოვანია კულტურის სფეროში სტარტაპ პროექტების დაფინანსება, რომლებიც დამოუკიდებლად არსებობას შეძლებენ

ნიკოლოზ მაჭავარიანი განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის გამარჯვებული სტიპენდიანტია, რომელიც სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, Arts Leadership საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე გაემგზავრა. როგორია ნიკოლოზის ხედვა საქართველოში შემოქმედებით ინდუსტრიებზე და რა გზა გაიარა წარმატების ამ ეტაპამდე მისაღწევად – წაიკითხეთ არტნიუსის ინტერვიუში.

ნიკოლოზ, რატომ გადაწყვიტე ამერიკაში სწავლის გაგრძელება და რა იყო შენი ძირითადი მოტივი?

უნივერსტეტი დავამთავრე 2008 წელს. მას მერე მქონდა გეგმაში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება, მაგრამ იმდენად ვიყავი ჩართული სამუშაო პროცესში და სხვადასხვა პროექტებში, რომ დროის გამონახვას ვერასდროს ვერ ვახერხებდი.

ორი წლის წინ გადავწყვიტე, რომ დამეწყო კონკრეტული პროგრამების ძიება, რის შედეგადაც მოვნახე სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების პროგრამა MPA in Arts Leadership. გარდა იმისა, რომ ეს პროგრამა ყველა ავტორიტეტული რეიტინგის მიხედვით არის ამ ტიპის პროგრამებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო აშშ-ში და მთლიანად მსოფლიოში, იგი ასევე დამატებით სთავაზობს თავის სტუდენტებს სპეციალურ კურსებს კულტურის სფეროში სამუშაოდ. სწორედ ეს აღმოჩნდა ფაქტორი, რამაც გადამაწყვეტინა გადამედგა ეს ნაბიჯი.

რამდენად გამჭვირვალე და მარტივი პროცესი იყო დაფინანსების მოპოვება განათლების საერთაშორისო ცენტრისგან?

პირადად ჩემთვის პროცესი ძალიან გასაგები და გამჭვირვალე იყო. განაცხადზე მუშაობისას მქონდა გარკვეული შეკითხვები, რომლებზეც ცენტრისგან მყისიერად მივიღე ამომწურავი პასუხები.

როგორც ვიცით, შენი გამოცდილება მუსიკას უკავშირდება. როგორია შენი ხედვა შემოქმედებითი ინდუსტრიების საქართველოში განვითარების პროცესში?

დიახ, მე 2008 წლიდან ვმუშაობ კულტურის მენეჯმენტის სფეროში. ეს ჩემთვის ძალიან ახლო და საინტერესო თემაა და მასზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. შედარებით მოკლედ კი შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს, როგორც რეგიონულ კულტურულ ცენტრს, ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია კულტურის სფეროში ისეთი პროექტების იდენტიფიცირება და მათი Startup ეტაპზე ხელშეწყობა, რომლებიც მომავალში დამოუკიდებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარების გარეშე შეძლებენ არსებობას და განვითარებას.

მუსიკის მენეჯმენტში არსებული იმ უამრავი პრობლემიდან, რომლებიც საქართველოშია რომლებს დაასახელებდი, რისი გადაჭრაც პირველხარისხოვანია?

ჩემი აზრით, პირველ რიგში პრიორიტეტული უნდა იყოს ისეთი „პროდუქტების“ შექმნა, რომლებიც გაიყიდება და კომერციულად გამართლებული იქნება. საბჭოთა კავშირში ეს ასე არ იყო, მაგრამ ის დაინგრა, თანაც არც თუ ისე ცოტა ხნის წინ. დროა, საქართველოშიც დავიწყოთ მუსიკის, და ზოგადად, კულტურის სფეროში კომერციულად გამართლებული პროექტების განხორციელება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ჩამორჩენა სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს.

და ბოლოს, როგორ ხედავ საკუთარ მომავალს, როგორ მოახმარ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს, როგორც ერთ-ერთი პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული?

პირველ რიგში ცოდნას და გამოცდილებას ასევე დავამატებდი კონტაქტებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. საქართველოში დაბრუნებისთანავე ვგეგმავ, აქტიურად ჩავერთო რიგ კულტურლ პროექტებში. ამ პროექტების ნაწილი ახლაც მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ამ ორი წლის განმავლობაში სხვა საინტერესო ახალი პროექტებიც დაემატება ამ ეტაპზე არსებულებს. ასევე, მაქვს სურვილი დავამყარო გაცვლითი კავშირი ადგილობრივ კულტურულ ორგანიზაციებთან და მაქსიმალურად შევუწყო ხელი ახალგაზრდა ქართველ ხელოვნებს მიიღონ ის ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები, რომელიც მათი განვითარებისათვის აუცილებელია. ასევე, თუ იქნება დაინტერესება, დიდი სიამოვნებით ვასწავლი Arts Leadership-ს ქართულ უნივერსიტეტებში.

კომენტარები

კომენტარი