საშემსრულებლო ხელოვნება

კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ მსახიობ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა

კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ მსახიობ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა.

დღეს ცნობილ მსახიობს დაბადებიდან 83 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალამდე მსახიობის შემოქმედებითი საღამო „გრიბოედოვის“ თეატრში გაიმართა.

არიადნა შენგელაია წლებია თბილისში ცხოვრობს, თუმცა უარს ამბობს საჯარო ცხოვრებაზე და 2007 წლიდან მოყოლებული მაყურელის წინაშე არ გამოჩენილა. 13 წლიანი პაუზის შემდეგ კი მსახიობი მისი „ვარსკვლავის“ გახსნას დაესწრო. აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა ენახა ფილმების ნაწყვეტები და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ვიდეო, რომელიც არიადნა შენგელაიას შემოქმედებას ეძღვნება.

მიუხედავად იმისა, რომ არიადნა შენგელაია ქართული წარმოშობის არ არის, მის როლებს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას არიადნა შენგელაიამ გაიცნო ქართველი რეჟისორი – ელდარ შენგელაია. დაქორწინების შემდეგ იგი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი, შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი ქართულ კინოში და 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალსო არტისტის წოდება.

არიადნა შენგელაიას შემოქმედებაში აღსანიშნავია შემდეგი კინოროლები: ტატიანა („ევგენი ონეგინი“, 1958), ეჟენი გრანდე („ეჟენი გრანდე“, 1960), მანოლი („ენგურის ნაპირებზე“, 1961), მარია ( „თეთრი ქარავანი“, 1964), ვერა შეინა („ძოწის სამაჯური“, 1964), ლოტა („ჯვარცმული კუნძლი“, 1968), კაროლინა („ფერენც ლისტი“, 1970), კაროლინა („მთვარის მოტაცება“, 1971), მარგალიტა („შერეკილები“, 1974) და სხვა.

პარალელურად, არიადნა შენგელაია გრიბოედოვის თეატრის მსახიობი იყო და თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა. „დრამატული ხელოვნება მუდამ გაიმარჯვებს, თუ სცენაზე ასეთი ნიჭით მომადლებული მსახიობი იქნება“ – ასე შეაფასა აკაკი ხორავამ არიადნა შენგელაიას თამაში მედეა კუჭუხიძის სპექტაკლში „ანა ფრანკის დღიური“, რომელიც 1964 წელს დაიდგა.

კომენტარები

კომენტარი