კინო

“კრავთა დუმილს” სერიალის სახით გაგრძელება ექნება

ამერიკულმა ტელეარხმა CBS უკვე შეუკვეთა სერიალის საპილოტო ეპიზოდი, რომელიც საკულტო ფილმის, “კრავთა დუმილის” გაგრძელება იქნება. ინფორმაციას ამის შეასხებ გამოცემა Reality TV World ავრცელებს.

სერიალის მოქმედება ორიგინალი ფილმის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ განვითარდება. მთავარი გმირი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი, კლარისა სტარლინგი იქნება. როგორც იცით, მის როლს ორიგინალ ფილმში ჯოდი ფოსტერი ასრულებს, 2001 წელს გამოსულ სიკველში “ჰანიბალი” კი ჯულიანა მური. ორივე ფილმს საფუძვლად ტომას ჰარისის რომანი უდევს, რომელშიც სტარლინგისა და სერიული მკვლელის, ჰანიბალ ლექტერის ურთიერთობაა ასახული.

“კლარისას პერსონაჟის ხასიათის სიმტკიცე და გამბედაობა ყოველთვის აშკარა იყო, მაგრამ მისი პირადი ისტორია ყოველთვის საიდუმლოდ რჩებოდა. ახლა, ზუსტად ეს ისტორია გვჭირდება: მისი ბრძოლის, გამჭრიახობის, გამარჯვების ისტორია ” – განაცხადეს სერიალის შემქმნელებმა.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეასრულებს ახალ სერიალში სტარლინგის როლს.

შეგახსენებთ, რომ “კრავთა დუმილის” გარდა, ჰანიბალ ლექტერის ისტორია რამდენიმე ფილმს უდევს საფუძვლად, ესენია: “ჰანიბალის აღზევება” (2007), “წითელი დრაკონი” (2002) და სერიალი “ჰანიბალი” (2013-2015).

კომენტარები

კომენტარი