კულტურა

კლუბ “ბასიანთან” სროლის შედეგად 3 ადამიანი დაჭრეს

12 იანვარს, გამთენიისას, კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც 1980 წელს დაბადებულმა ბ.ჩ.-მ ორი ათეული ტყვია ისროლა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიჭრა.

როგორც ცნობილი ხდება, ინციდენტის გამომწვები მიზეზი ბ.-ს კლუბში არ შეშვება გახდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბი “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს – 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი