კინო

HBO “პარაზიტის” მოტივებზე მინისერიალს გადაიღებს

2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმის, რეჟისორ ჯუნ-ჰო ბონგის “პარაზიტის” მოტივებზე, შესაძლოა, მინისერიალი გადაიღონ. როგორც The Hollywood Reporter-ი წერს, HBO ფილმის ავტორებთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

გამოცემის ცნობით, “პარაზიტის” მიხედვით სერიალის გადაღებაზე უფლებების მოპოვებისთვის HBO და Netflix-ი იბრძოდნენ. ჯერჯერობით, უცნობია, რა იგეგმება: ინგლისურენოვანი რიმეიქი თუ უბრალოდ, ისტორია ორიგინალი ფილმის მოტივებზე.

აღსანიშნავია, რომ სერიალის შოურანერი ჯუნ-ჰო ბონგი იქნება. მასთან ერთად, სერიალზე რეჟისორი ადამ მაკეი იმუშავებს. როგორც იცით, ის გახლავთ სერიალ “მემკვიდრეების” პროდიუსერიც. (სერიალმა რამდენიმე დღის წინ, “ოქროს გლობუსი” მიიღო).

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ “პარაზიტი” 2019 წლის ტრიუმფატორი ფილმია. ის ერთადერთი სამხრეთ კორეული ფილმია, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, “ოქროს პალმის რტო” მიიღო. რამდენიმე დღის წინ კი, 5 იანვარს, ჯუნ-ჰო ბონგის პროექტმა “ოქროს გლობუსზე” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. ახლა, ეს ფილმი, BAFTA-ს 4 ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის “საუკეთესო ფილმისა” და “საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრის” კატეგორიებში. ბრიტანული კინოპრემიის შედეგები ძალიან მალე, 2 თებერვალს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი