ლიტერატურა

ნიკოლო ამანიტი, ტარანტინო და გასიერნების გამოცდილება

ნიკოლო ამანიტი, ლუიზა ბრანკაჩო – „გასეირნება

2012 წელს კანის საერთაშორისო ფესტივალზე ლეგენდარული რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი დაბრუნდა, რომელმაც თავისი ფილმი „შენ და მე“ წარადგინა. მიუხედავად ბერტოლუჩის ასაკისა, მის ოსტატობაში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა კითხვები სცენართან დაკავშირებით გაჩნდა. ის კლაუსტროფილიური და პერვერსიულია, რამაც, ცხადია, საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია, ამ მითქმა-მოთქმის პერიოდში კი ერთი ორად გაიზარდა იტალიელი ავტორის, ნიკოლო ამანიტის პოპულარობაც.

ამ წერილში არ ვაპირებ ამანიტის მაგნუმ ოპუსებზე საუბარს, თუმცა ჩემი განსახილველი ტექსტი, რომელიც ჟურნალ „არილის“ 2010 წლის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა და ხათუნა ცხადაძემ თარგმნა, ერთობ საინტერესო და მრავალმხრივი მოთხრობაა. „გასეირნებას“ ორი ავტორი ჰყავს, ნიკოლო ამანიტი და  ლუიზა ბრანკაჩო. მოთხრობა „კანიბალი ავტორების“ ეპოქის ღირებულებებზე დგას, რომელიც ე.წ. კონსიუმერიზმის, სამომხმარებლო საზოგადოების კრიტიკაა.

გერმანელი ფილოსოფოსი კარლ მარქსი „კაპიტალში“ გაუცხოების სამ ეტაპს გამოჰყოფს: გაუცხოება შრომის პროდუქტთან, გაუცხოება შრომის პროცესთან და გაუცხოება საკუთარ თავთან. ლიტერატურული ტექსტის მსგავსი ფორმულით განხილვა ერთ საინტერესო შედეგს გვაძლევს, რომ ამანიტს ერთ-ერთ გლობალურ პრობლემად გაუცხოება მიაჩნია. ეს თემა არახალი და, შეიძლება ითქვას, გაცვეთილიც კია, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ კაფკასგან განსხვავებით, ამანიტი გაუცხოებას არქმევს იმას, რაც, ერთი შეხედვით, შეიძლება საერთოდ არ იყოს გაუცხოება. ის ნიჰილიზმისა და სიზარმაცის მაგვარია, რომელიც, გარკვეულწილად, რომანტიზებულიცაა და კომფორტულიც. ამანიტი და ბრანკაჩო ცდილობენ პერსონაჟების ისეთი ურთიერთობა შემოგვთავაზონ, რომელიც ბუკოვსკისეულ ნიჰილზმს და ცხოვრებისეულ სიზარმაცეს დემონიზებულად წარმოგვიჩენენ.

აღნიშნული მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ემანუელეა. ემანუელეს დიალოგ-მონოლოგებიდან უკვე ვხვდებით, რომ საქმე არამდგრად, არაშემდგარ ადამიანთან გვაქვს, რომელსაც ყველაფერი ეზარება. იგი ყოველგვარ პასუხისმგებლობას იშორებს და მაქსიმალურად იმარტივებს ცხოვრებას. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმელი ძალიან უჭერს, ფეხზეც არ იხდის. ემანუელე ყველანაირ სუბიექტურობასა და ინდივიდუალიზმსაა მოკლებული. მას არ გააჩნია საკუთარი პრინციპი, ამიტომ ცხოვრების ბედ-იღბალი ერთ ისეთ გასეირნებას მოუწყობს, რომელსაც ნიჰილისტი, ზარმაცი და უპრინციპო ადამიანები ვერ უმკლავდებიან. საკუთარი სიტყვისა და აზრის უპატივცემულობის გამო ემანუელეს ცხოვრებაში ნარკოტიკების, იარაღის, სისხლისა და სიკვდილის კატეგორიები შემოდის. ის იწყებს გართობას, თუმცა მოვლენები სხვანაირად ვითარდება.

მოთხრობის მცირე ზომიდან გამომდინარე, შინაარსზე წერას აღარ გავაგრძელებ. თანაც, ის ძალიან საინტერესოა ფორმითაც. ლიტერატურის თეორიაში არსებობს ტერმინი „რომანი მოთხრობა“. ამანიტის ტექსტი სწორედაც რომ ამ ტერმინის ნათელი მაგალითია. ის რომანივით კომპლექსურია, მრავალფეროვანია, სიუჟეტურად დახუნძლული და მასშტაბურია. ამანიტის წერის ოსტატობა იმაში გამოიხატება, რომ იგი არაფრიდან ქმნის პრობლემას. ერთი შეხედვით არარსებულ რაღაცაზე წერს და დასასრულით აჯამებს, რომ „არაფერი“ ადამიანების ცხოვრებაში უკვე პრობლემაა.

ტექსტის მთავარი ლიტერატურული პლუსი, ჩემი აზრით, სისწრაფე და მუდმივად დაძაბული ვითარება ე.წ. ექშენია. იმის ასახსნელად, თუ რას ვგულისხმობ სისწრაფეში, ძველი ლეგენდის მოშველიება დამჭირდება. იმპერატორ კარლოს დიდს მხცოვან ასაკში გერმანელი გოგონა შეუყვარდა. სიყვარულით გაბრუებულ მეფეს ტახტის ღირსებაც გადაავიწყდა და იმპერიის საქმეებიც. გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა. სასახლეში შვებით ამოისუნთქეს, თუმცა სიმშვიდე ხანმოკლე აღმოჩნდა: სატრფოს გარდაცვალებამ კარლოს დიდს გრძნობა ვერ მოუკლა. იმპერატორმა გოგონას ბალზამირებული ცხედარი თავის ოთახში დაასვენებინა. წამით არ სცილდებოდა საყვარელ სხეულს. ამ მაკაბრულმა ვნებამ შეაშფოთა არქიეპისკოპოსი ტურპინი: დაეჭვდა, იმპერატორი მოჯადოებულიაო, გვამის დათვალიერება ისურვა და მიცვალებულს ენის ქვეშ ძვირფასთვლიანი ბეჭედი უპოვა. როგორც კი ბეჭედი ტურპინის ხელში აღმოჩნდა, კარლოსმა სატრფოს ნეშტი დაასაფლავებინა და არქიეპისკოპოსისკენ მიმართა თავისი ვნება. ამ უხერხული ვითარებისაგან თავის დასაღწევად ტურპინმა ბეჭედი კონსტანცას ტბაში მოისროლა. კარლოსს ახლა ტბა შეუყვარდა. „ვეღარ აშორდებდნენ მის ნაპირს.“ – ასე მთავრდება “მაგიის წიგნიდან” ამოღებული ეს ლეგენდა.

სისწრაფე ეს ის ლიტერატურული კატეგორიაა, რომელიც ციტირებულ ლეგენდაში ნათლად ჩანს. ის აქ ბეჭედს უთანაბრდება. ბეჭედი უდრის ნარაციის სიჩქარეს. სწორედ მსგავსი ოსტატური სისწრაფით ახერხებს ამანიტი ტექსტში მოვლენების განვითარებას. ამას კი თან ახლავს ტარანტინოსეული ექშენი.

ჩემი აზრით, ამ ტექსტის შინაარსობრივი, ფორმალური, ფაბულური, სიუჟეტური, კომპოზიციური მხარე მას ერთ დიდ შედევრად ქმნის. იტალიელი ავტორის ეს ლიტერატურული ნაწარმოები კი მთავარ მიზნას ასრულებს. მკითხველი ემანუელესთან ერთად დიდი გასეირნების გამოცდილებას იღებს.

ლექსო ლობჟანიძე

კომენტარები

კომენტარი