ლიტერატურა

წიგნის ფესტივალზე 2019 წლის ბესტსელერი წიგნები გამოვლინდა

27 დეკემბერს 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნა, რომელზეც 2019 წლის ბესტსელერი გამოცემები გამოვლინდა. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე ტრადიციულად გამოავლინა და დააჯილდოვა ბესტსელერები 4 ნომინაციაში.

ქართულად თარგმნილი წიგნი: ნინო ხარატიშვილი – „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, მთარგმნელი ნინო ბურდული, გამომცემლობა ინტელექტი

ქართველი ავტორი : ნიკოლოზ ტოტოღაშვილი – „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, გამომცემლობა პალიტრა L

საბავშვო წიგნი: ასტრიდ ლინდგრენი- „პეპი გრძელი წინდა“, მთარგმნელი ბაკურ სულაკაური, სულაკაურის გამომცემლობა

დოკუმენტური პროზა: ნათია ფანჯიკიძე – „შიშო, გამოდი გარეთ“, გამომცემლობა არტანუჯი

ამასთან, საქართველოში კითხვის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური ჯილდოები გადაეცათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნათია ფურცელაძეს და ჟურნალისტ ეკა ტალახაძეს.

ფესტივალი 29 დეკემბრამდე გაგრძელდება, წიგნის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინონ ძველი და ახალი გამოცემები, დაესწრონ ახალი წიგნებისა თუ თარგმანების პრეზენტაციებს. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ფესტივალის მეგობარია თიბისი ბანკი.

კომენტარები

კომენტარი