კინო ლიტერატურა

სტივენ კინგის “კერი” სერიალი გახდება

ამერიკული ტელეარხისა და სტუდია MGM Television-ის ახალი ერთობლივი პროექტი სტივენ კინგის რომანის, “კერის” ეკრანიზაცია იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, წიგნის კინოადაპტაცია მინისერიალის სახით შეიქმნება. ინფორმაციას ამის შესახებ Variety და The Hollywood Reporter-ი ავრცელებენ.

“კერი” სტივენ კინგის პირველი გამოქვეყნებული რომანია. ეს გახლავთ ერთი დაჩაგრული და ყველასგან გარიყული გოგონას – კერიეტ უაიტის – ტრაგიკული ისტორია. სახლში ის დედის რელიგიური ფანატიზმის მსხვერპლია, სკოლაში კი თანაკლასელების დაუნდობლობის. გოგონას ყოველი მცდელობა, როგორმე გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდის ცხოვრებით იცხოვროს, კრახით მთავრდება. საბოლოოდ, თითქოსდა ბედს შეგუებული კერი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია, სასტიკად იძიოს შური.

რომანი 1974 წელს გამოქვეყნდა და მისი არაერთი ეკრანიზაცია არსებობს. წიგნის მიხედვით გადაღებული ბოლო ფილმი 2013 წელს გამოვიდა. მასში მთავარი როლი ქლოა გრეის მორესს ერგო. თუმცა, მისი ყველაზე ცნობილი ეკრანიზაცია ამერიკელი კინორეჟისორის, ბრაიან დე პალმას 1976 წლის ფილმია, რომელშიც მთავარი როლი სისი სპეისეკმა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ, ტელეარხ FX-ისა და MGM Television-ის წარმომადგენლებს სერიალის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებიათ.

კომენტარები

კომენტარი