არტ მენეჯმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნიკოლოზ ნადირაშვილი: “ერთ-ერთი გზა, რომლითაც განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევას ვუპასუხებთ, სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების მონაცემთა ბაზის შექმნაა”

2019 წლის 5 აგვისტოს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას შორის გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ცენტრმა ასოციაციას გადასცა  თანხა 150 000 ლარის ოდენობით მცირე საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად.

ხელშეკრულების თანახმად, ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიზანი კურსდამთავრებულთა მიერ ახალგაზრდული, საზოგადოებრივი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა. საკონკურსო კომისიამ პროგრამის ფარგლებში 8 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ნიკოლოზ ნადირაშვილის პროექტია, სახელწოდებით „თანამედროვე ხელოვნების არქივი – სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების მონაცემთა ბაზა.

ზემოაღნიშნულის შესახებ “არტნიუსი” არტმენეჯერ ნიკოლოზ ნადირაშვილს გაესაუბრა:

-ვის ეკუთვნის თანამედროვე ხელოვნების არქივის იდეა და რატომ გადაწყვიტეთ ამაზე მუშაობა?

-ეს იდეა ეკუთვნით თინათინ ასათიანსა და თეონა ცინცაძეს, რომლებმაც პროექტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყეს. 2017 წელს ოფიციალურად დაარსდა სახელოვნებო ორგანიზაცია “პროპაგანდა”. ამავე წელს მეც შევუერთდი კოლექტივს და ყველამ ერთად მოვახერხეთ, რომ შეგვექმნა თანამედროვე ხელოვნების არქივის ონლაინ ბაზა – WWW.ARCHIVE.PROPAGANDA.NETWORK

დღეისთვის პლატფორმაზე წარმოდგენილია მულტიმედიური ინფორმაცია უკანასკნელი 5 დეკადის არტკონტექსტის შესახებ: 150-მდე ხელოვანის პორტფოლიო, 7,000-მდე ნამუშევრის დოკუმენტაცია, სხვადასხვა სახის დოკუმენტური მასალა. ასევე, ვიდეოინტერვიუები, რომლებიც ტელეკომპანია არტარეასთან თანამშრომლობის შედეგად განვავითარეთ. ამავე პლატფორმაზე მნიშვნელოვანია „პირადი არქივების“ სექციაც, სადაც წარმოდგენილია კერძო საკუთრებაში დაცული საარქივო მასალები. აღსანიშნავია „პროცესის“ ველიც, რომელიც სულ ახალია და ახლო მომავალში სრულყოფილად დაიწყებს ფუნქციონირებას, როგორც ერთგვარი „თაიმლაინი“, რომელშიც ასახული იქნება ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რის ფარგლებშიც შეიქმნა/იქმნება ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორია და შესაბამისი მემკვიდრეობა.

-რას გულისხმობს თანამედროვე ხელოვნების არქივი: სამეცნიერო კვლებითი ნაშრომების მონაცემთა ბაზა?

დღეისთვის, არა მარტო ხელოვნების, არამედ ფართო ჰუმანიტარულ დისციპლინებში პრობლემურია აკადემიური ნაშრომების ხარისხი და, ზოგადად, ახალი ცოდნის წარმოება. დარწმუნებული ვარ, ბევრი დამეთანხმება, რომ როდესაც მაგისტრანტი/დოქტორანტი (ასევე ბაკალავრი) მუშაობს კვლევაზე, ის ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმშია. ერთი მხრივ, სუსტია საერთაშორისო ნაშრომებზე წვდომა (ენობრივი თუ ტექნიკური ბარიერების გამო); მეორე მხრივ, ვერ/არ ხდება იმ კვლევების გამოყენებაც კი, რომლებიც ადგილობრივად შეიქმნა.

ერთ-ერთი გზა, რომ, გარკვეულწილად, ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, არის სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა უნივერსიტეტში განათლების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი სტუდენტების მიერ დაცული აკადემიური ნაშრომები.

პროექტის ფარგლებში ბაზა გააერთიანებს თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომებს შემდეგი დისციპლინებიდან: ხელოვნების ისტორია და თეორია, კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი, კულტურის სოციოლოგია, კულტურის ანთროპოლოგია და ა.შ.

სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების მონაცემთა ონლაინ ბაზა იქნება თანამედროვე ხელოვნების არქივის „დამატება/extension“, რაც ხელს შეუწყობს მიზნობრივი აუდიტორიის მობილიზებას. ამასთან, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს არქივის პლატფორმაზე წარმოდგენილ სხვა (დამხმარე) ინფორმაციასაც.

-რა სარგებელს მოუტანს ის შემოქმედებით ინდუტრიებს?

-როგორც აღვნიშნე, სხვა დისციპლინებთან ერთად, პლატფორმაზე წარმოდგენილი იქნება კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტში დაცული სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები. აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება და ერთობლივად წარმოჩენა, სავარაუდოა, რომ ხელს შეუწყობს კულტურის ადმინისტრაციული მონაცემების დამუშავებას, რაც ხელოვნების მენეჯმენტის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა. 

-ვისგან და როგორ მოიპოვეთ დაფინანსება, რამდენად გამჭირვალე იყო ეს პროცესი?

-როგორც განათლების საერთაშორისო ცენტრის ბენეფიციარს (2014/15 წლებში ვსწავლობდი ხელოვნების პოლიტიკისა და მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამაზე გრონინგენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები)), საშუალება მქონდა პროექტი წარმედგინა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის საგრანტო პროგრამაზე, რის შედეგადაც მივიღე დაფინანსება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, როგორც განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის საგრანტო პროგრამა, ისე, განათლების საერთაშორისო ცენტრის საგრანტო პროგრამები წარმოადგენს იშვიათ გამონაკლისს, თუ როგორ (გამჭვირვალედ და კოლეგიალური შეფასების საფუძველზე) უნდა ხორციელდებოდეს საბიუჯეტო ფულის განაწილება საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის მიზნით. ვისურვებდი, რომ ანალოგიურ პრინციპებზე დაფუძნებით იფუნქციონირონ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის დაქვემდებარებაში მყოფმა სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებმაც.

კომენტარები

კომენტარი