შემოქმედებითი ინდუსტრიები

გიორგი კალანდია: “ეს არის არა მარტო ხელოვნების სასახლის, არამედ, საერთოდ, ქართული სამუზეუმო კულტურის განსაკუთრებული აღიარება”

2019 წლის 21-23 ნოემბერს, პორტუგალიაში, ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიური პრემიის კონკურსის – „EMYA”-ს ჟიურის სხდომა გაიმართა, რომელზეც  საქართველოს ხელოვნების სასახლე ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმის პრემიის ნომინანტთა შორის დასახელდა.

“ეს არის არა მარტო ხელოვნების სასახლის, არამედ საერთოდ, ქართული სამუზეუმო კულტურის განსაკუთრებული აღიარება, რადგან ევროპის საუკეთესო მუზეუმების ნომინაციაში ყოფნა ნიშნავს მუზეუმის კოლექციების, მისი მიღწევებისა და მთელ ამ პერიოდში განვლილი გზის აღიარებას.” – განუცხადა “არტნიუსს” ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ.

ევროპის მუზეუმების ფორუმი/European Museum Forum ევროპის კონტინენტის წამყვანი სამუზეუმო ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას,  სამუზეუმო საქმეში ინოვაციური მიდგომებისა და მუზეუმის პროფესიონალთა შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მხარდაჭერით.

შეგახსენებთ, რომ EMYA-ს კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 2 მაისს ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიურ კონფერენციაზე, დიდი ბრიტანეთის ქალაქ კარდიფში, უელსის ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი