არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

ანანურში წინასარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

“საყდრისის კომიტეტის” ინფორმაციით, ანანურში წინასარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

2019 წლის 19 ივლისს “საყდრისის კომიტეტის” აქტივისტებმა გაავრცელეს ვიდეო კადრები, სადაც კარგად ჩანდა, როგორ აზიანებდა ტურისტების უკონტროლო გადაადგილება ანანურის არქიტექტურული კომპლექსის ჩამოშლილ გალავანსა და ქონგურებს.

29 ივლისს “საყდრისის კომიტეტის” მოთხოვნით, სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, აქტივისტებთან ერთად, ანანურში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა ჩავიდა. “საყდრისის კომიტეტი” უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფისთვის, ასევე ძეგლის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე დაზიანებული ნაწილების ტურისტებისთვის დაკეტვას და ძეგლზე მონიტორინგის დაწესებას ითხოვდა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ანანურში საპატრიარქოს წარმომადგენლები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ჩავიდნენ.

ადგილზე, აქტივისტებთან ერთად გადაწყდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე გაკეთებულიყო პროექტი და ნგრევის რისკების შესამცირებლად არქიტექტურული კომპლექსის საფრთხის ქვეშ მყოფი ნაწილები შეფუთულიყო, ასევე შეიზღუდებოდა ტურისტების გადაადგილება მიმდებარედ.

“საყდრისის კომიტეტის” აქტივისტები 5 თვის განმავლობაში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ანანურში მიმდინარე პროცესებს.

“7 დეკემბერს „საყდრისის კომიტეტის“ წევრები, ძეგლის მონიტორინგის მიზნით, კვლავ იმყოფებოდნენ ანანურში. ძეგლზე წინასარეაბილიტაციო მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში კრიტიკულ უბნებზე დამცავი ზღუდეები და საინფორმაციო ნიშნულებია განთავსებული, ტურისტებისთვის ასევე აკრძალულია გალავანზე და იმ ტერიტორიაზე გადაადგილება, სადაც ქვის ცვენის საშიშროებაა.

მომავალი წლიდან ანანურის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.” – აღნიშნულია “საყდრისის კომიტეტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი