კინო

ნახეთ: Disney-მ “მულანის” ტრეილერი გამოაქვეყნა

კომპანია Disney-მ ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის, “მულანის” ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა. როგორც იცით, ფილმი 1998 წელს გამოსული ამავე სახელწოდების ანიმაციის კინოადაპტაციაა.

ფილმი გვიყვება ძველი ჯარისკაცის შვილის, კეთილი გოგონას, მულანის თავგადასავალს. ფილმის შემქნელებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ ახალი “მულანი” არ იქნებოდა ანიმაციური ფილმის სრული კოპირება. მათი თქმით, ფილმი იქნება 1998 წლის ანიმაციისა და ძველი ჩინური ლეგენდის სიუჟეტების შერწყმა.

ლეგენდის მიხედვით, ჩინეთს იპყრობენ ჰუნები, იმპერატორი სუი კი საერთო მობილიზაციას აცხადებს — ყველა ოჯახმა ჯარს უნდა შესწიროს ერთი მამაკაცი. გოგონა მულანი, თავისი მოხუცებული ჯარისკაცი მამის ნაცვლად, ფარულად მიდის ჯარში, მამაკაცად გადაცმული. მიუხედავად იმისა, რომ მისი საიდუმლო საჯარო ხდება, სწორედ მულანი თამაშობს გადამწყვეტ როლს მტრის გეგმების ჩაშლაში.

ამ გმირის შესახებ Disney-ს ანიმაციური ფილმის გარდა, გადაღებულია რამდენიმე მხატრვული ფილმი და სერიალი, მათ შორის ჩინეთისა და აშშ-ის საერთო წარმოების ფილმი, სახელწოდებით “ჰუა მულანი”.

Disney-ს ახალ ფილმში მულანის როლს ჩინელი მსახიობი ლიუ იფენი ასრულებს. მისი რეჟისორი კი ახალზელანდიელი პროდიუსერი და სცენარისტი ნიკი კაროა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა 2020 წლის მარტში შედგება.

კომენტარები

კომენტარი