კინო

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის მეორე დღემ აქციის ფონზე ჩაიარა

2 დეკემბერს, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის მეორე დღეს, კინოთეატრ “ამირანთან” ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

ორგანიზაცია “ზნეობა” კინოფესტივალზე თამარ შავგულიძის ფილმს “კომეტები” აპროტესტებდა, რომელიც ორი შუახნის ქალის მეგობრობასა და სიყვარულს აღწერს.

“ჩვენ ამით პროტესტს ვუცხადებთ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობას, კინოგამქირავებლებსა და ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო” – განაცხადა გურამ ფალავდანიშვილმა.

ფალავანდიშვილი განმარტავდა, რომ ფილმი არ შეიცავს სექსუალური ხასიათის სცენებს, თუმცა მისი შინაარსი მიუღებელია. მისივე თქმით, სურდათ ჩვენებაზე დასწრება და რეჟისორთან გასაუბრება, თუმცა ფესტივალზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მიუხედავად ამისა, ადგილი ჰქონდა პატარა ინციდენტს. ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე შენობაში შეჭრას ცდილობდა, თუმცა ის ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ფილმის, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, სცენარზე რეჟისორმა, თამარ შავგულიძემ თავადვე იმუშავა. მასში მთავარ როლებს ქეთევან გეგეშიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნინა მაზოდიერი და მარიამ ირემაშვილი ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი