კულტურა

ახალგაზრდა მოცარტის პორტრეტი კრისტის აუქციონზე გაიყიდა

კრისტის აუქციონზე ავსტრიელი კომპოზიტორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის იშვიათი პორტრეტი 4 მილიონ ევროდ გაიყიდა. მყიდველის ვინაობა არ სახელდება. როგორც იცით, მოცარტის სიცოცხლეში შექმნილი სულ 5 პორტრეტი არსებობს. ახლახან გაყიდული ტილო კი იმითაა მნიშვნელოვანი და იშვიათი, რომ მასზე კომპოზიტორი 13 წლისაა.

აღნიშნული პორტრეტი 1770 წელსაა შექმნილი. მაშინ მოცარტი უკვე ვუნდერკინდად იყო აღირებული. ნამუშევარი ვენეციელი პიეტრო ლუგიტის შეკვეთით შეიქმნა, მაშინ, როცა მოცარტი იტალიაში სამოგზაუროდ იმყოფებოდა. ნახატი აუქციონზე შვეიცარიელი მუსიკოსის, ალფრედ კორტოს კოლექციიდან წარადგინეს.

პორტრეტის ავტორის ვინაობაზე მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში დავობდნენ. ცნობილია, რომ ის ვერონელმა მხატვარმა შექმნა. ერთი ვერსიით, ის ჯამბეტინო ჩინაროლია.

კომენტარები

კომენტარი