შემოქმედებითი ინდუსტრიები

სანდრო გეგეჭკორი: “ჩვენ, სტუდენტები მაქსიმალურად დავდგებით ამ იდეის გვერდით, რადგან ეს კეთდება ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის”

მეოთხე დღეა სოციალურ ქსელში კამპანია #ერთადმუსიკისთვის ვრცელდება, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არსებული ინსტრუმენტების პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და სახელოვნებო საზოგადოების გაერთიანებას.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა და რომელიც დაარსებიდან დღემდე, წარმატებით აწარმოებს ამ ქვეყნის მუსიკალური კულტურის სავიზიტო ბარათს, პრაქტიკულად, ინსტრუმენტების გარეშეა დარჩენილი.

სამუსიკო სასწავლებელში არსებული პრობლემების შესახებ “არტნიუსი” კონსერვატორიის სტუდენტს, პიანისტ სანდრო გეგეჭკორს ესაუბრა.

“თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სხვადასხვა სახის დაბრკოლება არსებობს. ინსტრუმენტების მხრივ, გაცილებით უკეთესადაა ვითარება მაშინ, როდესაც სახლში მეცადინეობის ფუფუნება გაქვს, მაგრამ არსებობენ სტუდენტები, რომლებიც ამას ან უინსტრუმენტობის ან სხვადასხვა ფაქტორის გამო ვერ ახერხებენ. კონსერვატორია სტუდენტს ვერ სთავაზობს შესაბამის დახმარებას და ეს ამ მხრივ უკვე პრობლემა ხდება. გარდა ამისა, ჩვენს სტუდენტებს უამრავ საერთაშორისო კონკურსზე უწევთ მონაწილეობის მიღება და სულ მცირე, იმის ელემენტარული პირობა უნდა არსებობდეს, რომ სხვა კონკურსანტს გამართულ როიალზე მეცადინეობით უპირატესობა არ ჰქონდეს.

ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა მოგვარდეს კონსერვატორიაში როაილების პრობლემა. ამისთვის ჩვენ, სტუდენტებს უკვე გვაქვს რამდენიმე იდეა. გვინდა გამოვიყენოთ ჩვენივე რესურსები და გავაკეთოთ საქველმოქმედო კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში, საიდანაც გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა კონსერვატორიას მოხმარდება.

ჩვენ, სტუდენტები მაქსიმალურად დავდგებით ამ იდეის გვერდით, რადგან ეს პირველ რიგში, კეთდება ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის.” – ამბობს პიანისტი.

მიმღების ბანკი:  სახელმწიფო ხაზინა (GEO)                                                

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი: TRESGE22

სახაზინო კოდი: 708907509

ორგანიზაციის დასახელება: სსიპ თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია

ს/კ: 203850813

სტატია მოამზადა ლექსო ლობჟანიძემ

კომენტარები

კომენტარი