შემოქმედებითი ინდუსტრიები

გოგი ჭიჭინაძე: “მე გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთი ჩემი გასტროლის ჰონორარი სრულად გადავრიცხო ამ კამპანიაში”

სოციალურ ქსელ ფეისბუქში უკვე ოთხი დღეა, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დასახმარებლად კამპანია #ერთადმუსიკისთვის გამოჩნდა, რომელიც მიზნად კონსერვატორიაში არსებული მატერიალური პრობლემების მოგვარებას ისახავს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა და რომელიც დაარსებიდან დღემდე, წარმატებით აწარმოებს ამ ქვეყნის მუსიკალური კულტურის სავიზიტო ბარათს, პრაქტიკულად, ინსტრუმენტების გარეშეა დარჩენილი.

სამუსიკო სასწავლებელში არსებული პრობლემების შესახებ “არტნიუსი” პროფესორსა და დირიჟორს, გოგი ჭიჭინაძეს ესაუბრა:

“თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების მდგომარეობის შესახებ რომ ვთქვათ, რომ ეს არის სავალალო – აბსოლუტურად არასწორი იქნება. ეს სიტყვა არ გამოხატავს რეალურ მდგომარეობას. ამას ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ, მხოლოდ სამარცხვინო და წარმოუდგენელი. ძალიან კარგად მახსოვს ის სიმწარე, რომელიც რამდენჯერმე განვიცადე მაშინ, როცა ჩემი საერთაშორისო კოლეგები იმყოფებოდნენ საქართველოში. მახსოვს ერთ-ერთი მათგანის სახის გამომეტყველება, რომელმაც როიალზე ერთი აკორდი აიღო. მას ეგონა, ვხუმრობდით. წარმოუდგენლად მიაჩნდა ამ როიალზე სასწავლო პროცესის წარმოება.

ასე რომ, ის კამპანია, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ წამოიწყო, ძალიან დიდი რამეა. ეს არ კეთდება მხოლოდ პიანისტებისთვის, ეს კეთდება მთელი კონსერვატორიისთვის, რადგან ფორტეპიანო ის ძირითადი ინსტრუმენტია, რომლის გარეშეც შეუძლებელია შემოქმედებითი პროცესის წარმოება.

ჩვენი საოპერო სტუდია უკვე ჩაერთო ამ კამპანიაში. უკვე გაიმართა საქველმოქმედო სპექტაკლის „ქეთო და კოტე“ პრემიერა, რომელზეც ყველა დასასწრები ბილეთი გაიყიდა. ბილეთებიდან შემოსული თანხა კი კონსერვატორიას მოხმარდება. გარდა ამისა, მე გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთი ჩემი გასტროლის ჰონორარი სრულად გადავრიცხო ამ კამპანიაში. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სხვებისთვისაც გარკვეული ინსპირაციისა და ბიძგის წინაპირობა იქნება. ამით იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება და უკეთესობისკენ წავა.” – განაცხადა გოგი ჭიჭინაძემ.

მიმღების ბანკი:  სახელმწიფო ხაზინა (GEO)                                                

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი: TRESGE22

სახაზინო კოდი: 708907509

ორგანიზაციის დასახელება: სსიპ თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია

ს/კ: 203850813

სტატია მოამზადა ლექსო ლობჟანიძემ

კომენტარები

კომენტარი