საშემსრულებლო ხელოვნება

„თბილისის ბაროკო ფესტივალს“ ფრანგი ვირტუოზები გააგრძელებენ

„თბილისის ბაროკო ფესტივალს“ ფრანგი ვირტუოზები გააგრძელებენ. ანსამბლი Fuoco E Cenere ეწვია ფესტივალს და რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, 1 და 3 დეკემბერს წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.

თხუთმეწლიანი ისტორიის მქონე ანსამბლი –  Fuoco E Cenere, სენსაციური მუსიკალური თავგადასავლების არენად იქცა. ანსამბლი ყოველთვის მეტად თამამია რეპერტუარის შერჩევაში. ისწრაფვის რა ცოცხალი შთაბეჭდილებებისა და ემოციებისკენ, Fuoco E Cenere-მ შეიმუშავა რამდენიმე ორიგინალური წარმოდგენა, რომელიც მოიცავს მუსიკისა და თოჯინების თეატრის, ან მუსიკისა და ოტ-კუიზინის (მაღალი კულინარია) სინთეზს. სიმღერით მოყოლილი ამბავი და მუსიკით გადმოცემული ემოციები და ოცნებები გახლავთ ანსამბლის მთავარი მისია. მათ მუსიკალურ ლაბორატორიაში ახალ სიცოცხლეს იძენს უძველესი ხელოვნების მარგალიტები, რომელიც ერთნაირად ართობს და  აღაფრთოვანებს ახალგაზრდასა და მოხუცს, ხელოვნების მოყვარულსა და პროფესიონალს. რეჟისორ ჯეი ბერნფელდის სიმღერისადმი სიყვარულით შთაგონებული ანსამბლი Fuoco E Cenere თანამშრომლობს როგორც უკვე მსოფლიოში აღიარებულ მომღერლებთან, ასევე ამომავალ ვარსკვლავებთან. ანსამბლი ამაყია, რომ მადლიერ მაყურებელს წარუდგინა რამდენიმე მივიწყებული შედევრი. Fuoco E Cenere-ს 10 ჩანაწერი მოიცავს 1000 წლიან მუსიკას. ანსამბლის პირველი ჩანაწერი – „Fantasy in Blue – Purcell meets Gershwin“ , ფრანგულმა პრესამ „Le Monde“ შეაფასა როგორც აბსოლუტური ნოკაუტი. მარკო და გალიანოს ნაკლებად ცნობილი შედევრის, „La Dafne“-ს ჩანაწერისათვის კი ასოციაციისგან  „Académie du Disque Lyrique“ პრესტიჟული ჯილდო Orphée d’Or და კრიტიკოსების მაღალი შეფასება მიიღო. ანსამბლის ბოლოდროინდელი ჩანაწერი, Judith & Esther, ღვთიური ბედი, მოგვითხრობს ისტორიებს ორი ბიბლიური დიდებული ქალისა, რომლებმაც ბრძოლითა და სიკეთით გაიმარჯვეს ჩაგვრასა და უსამართლობაზე.

პარიზელი მუსიკოსები 1 დეკემბერს, პერგოლეზის ხავერდოვანი მუსიკის თანხლებით წარმოადგენენ მარიონეტულ წარმოდგენას „პულჩინელას“. 3 დეკემბერს კი ორი ფრანგი ვირტუოზის: მარენ მარესა და მისი ერთ-ერთი მოსწავლის, ჟაკ მორელის ფრანგულ ვირტუოზულ მუსიკას შეასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი