ლიტერატურა

5 წიგნი, რომელსაც გამომცემლობა “დიოგენე” თბილისის წიგნის დღეებისთვის გირჩევთ

28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიაში თბილისის წიგნის დღეები იმართება. წელს გამოფენა მისულ მკითხველს სხვადასხვა გამომცემლობასთან ერთად, ქართველი მწერლები და მთარგმნელებიც დახვდებიან.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გამომცემლობა “დიოგენეს” სტენდიც. “დიოგენემ” საინფორმაციო სააგენტო “არტნიუსთან” საუბრისას დაასახელა 5 წიგნი, რომელიც თბილისის წიგნის დღეებზე უნდა შეიძინოთ.

ჟან გუსტავ ლე კლეზიო – ალმა

ლე კლეზიო ალმა-ის სურათის შედეგი

ნობელის პრემიის ლაურეატი ფრანგი მწერლის ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს (1940) „ალმა“ მოგვითხრობს ძიების ვნებით შეპყრობილი ერთი გვარის მატარებელი ორი კაცის ამბავს: ჟერემი ფელსენი საფრანგეთიდან მავრიკის კუნძულზე მიემგზავრება წინაპრების კვალის საძებნელად და გადაშენებული ფრინველის, დოდოს შესახებ უფრო მეტის შესატყობად; დომინიკ ფელსენი, მეტსახელად „დოდო“ კი, მავრიკელი მაწანწალა, პარიზში მიდის. მისი მიზანიც დაკარგული ნაწილის ძიებაა, წინაპრების ქვეყანაში აჩრდილებთან შეხვედრა და მათგან რაღაც ისეთის შეტყობა, რაც სხვაგვარ შუქში დაანახებდა ამ სამყაროში საკუთარ არსებობას.

აირის მერდოკი – შავი პრინცი

ბრიტანელი მწერალი და ფილოსოფოსი აირის მერდოკი (1919-1999) სამართლიანად ითვლება მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანისტად. მას მრავალი პრესტიჟული ჯილდო და ტიტული აქვს მოპოვებული. „შავი პრინცი“ აირის მერდოკის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. ალუზიებითა და სიმბოლოებით დატვირთულ ტექსტში ბევრი რამ წარმოაჩენს მწერლის ოსტატობას: სიუჟეტური პერიპეტიები, საინტერესო სტრუქტურა, დახვეწილი ენა… თუმცა წიგნის მთავარი ღირსება ის არის, რომ მთავარი გმირების – ასაკოვანი კაცისა და ახალგაზრდა ქალის – უცნაური ურთიერთობის ამბავს ავტორი მთლიანად ცლის ბანალურობისგან და მკითხველისთვის „შავი პრინცი“ სიყვარულის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო რომანი ხდება

ქრისტოფ რანსმაირი – უკანასკნელი სამყარო

უკანასკნელი სამყარო

ავსტრიელი მწერალი ქრისტოფ რანსმაირი (1954) არაერთი გერმანულენოვანი თუ საერთაშორისო პრემიის ლაურეატია. მის რომანში „უკანასკნელი სამყარო“ მოთხრობილია მაქსიმუს კოტას მოგზაურობის ამბავი ქვეყნის დასალიერში, შავიზღვისპირა ქალაქ ტომისში, აქ გადასახლებული პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის კვალდაკვალ. ეს ქალაქი უკანასკნელი სამყაროს მოდელია, ადამიანური იმედების, სურვილების განადგურების ადგილი. ტექსტში უცნაურადაა გადახლართული ძველი სამყარო, მითები, დღევანდელობა. „უკანასკნელი სამყარო“ ოცდაოთხ ენაზეა ნათარგმნი და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის მნიშვნელოვან ნიმუშად ითვლება.

მაიკლ ონდააჩი – ომის წილი სინათლე

ომის წილი სინათლე

გამორჩეული კანადელი მწერლის, მაიკლ ონდააჩის რომანი „ომის წილი სინათლე“ (2018) იმ წლებზე მოგვითხრობს, რომლებიც მთავარმა გმირმა, ნათანიელმა, სიმართლის ძიებაში გაატარა. 1945 წლის ზაფხულში ლონდონში ორ მოზარდს მშობლებმა აცნობეს, რომ სამუშაოდ სინგაპურში მიდიოდნენ, მათ წაყვანას კი არ აპირებდნენ. ცოტა ხანში ორივეს კვალი გაქრა და თავგზააბნეული და-ძმისთვის სამყარო კიდევ უფრო იდუმალი გახდა. რა იცოდნენ მშობლებზე? როგორ უნდა ეცხოვრათ იმ უცნობების გარემოცვაში, რომლებიც მფარველებად და გზის მაჩვენებლებად გამოეცხადნენ? წლების შემდეგ ნათანიელს გამბედაობა ჰყოფნის იმისათვის, რომ წარსულის ბნელ წყალში ღრმად ჩაყვინთოს და შორეული სიმართლის მკრთალი შუქიც იხილოს.

პ.ლ ტრევერსი – მერი პოპინსი

მერი პოპინსი

თუ ჯერ კიდევ არაფერი იცით მერი პოპინსის შესახებ, მაშინ გილოცავთ – თქვენ წინაშეა მსოფლიო საბავშვო კლასიკის განსაკუთრებუ­ლი გმირი, რომელიც წამში გარდაქმნის მოსაწყენ რეალობას ჯადოსნურ დღესასწაულად.

კომენტარები

კომენტარი