საშემსრულებლო ხელოვნება

პარიზის საშობაო გალაკონცერტში ოთხი ქართველი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას

საერთაშორისო ფონდ „სოს ტალენტსის“ (SOS Talents) საშობაო გალაკონცერტი 2019 წლის 5 დეკემბერს ექსკლუზიურად მარსელ დასოს სასახლეში, პარიზში, შანზე ლიზეზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნიდან ფონდის რვა სტიპენდიანტი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

საზეიმო საღამო ტრადიციულად მარსელ დასოს ოჯახისა და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის მხარდაჭერით იმართება. წელს კონცერტი მიეძღვნება ნიკოლ დასოს (Nicole Dassault) ხსოვნას. მოწვეული საზოგადოების წინაშე წარდგებიან სხვადასხვა ეროვნების ნორჩი და უკვე სახელგანთქმული ვირტუოზი პიანიტები, რომლებიც ფონდ „სოს ტალენტსის“ ლაურეტები არიან.

გალაკონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივითა და ხელშეწყობით, ოთხი ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილეა.

ყოველ წელს შანზე ლიზეს მე-17 საუკუნის სასახლე და მისი მფლობელი მეცენატების ოჯახი – ექსკლუზიურად ფონდის ტალანტების გალაკონცერტს მასპინძლობს. საფრანგეთის საბრძოლო ავიაციის დამფუძნებლის – ლეგენდარული მარსელ დასოს ოჯახი – სერჟ და ნიკოლ დასოები მუსიკის სიყვარულით გამოირჩევიან და წელსაც კონცერტზე ტრადიციულად ევროპულ მაღალ საზოგადოებას მიიღებენ. დასოების ოჯახი საფრანგეთში ფლობს საავიაციო რაფალებს, ასევე გაზეთ „ფიგაროს“.

რაც შეეხება ფონდ „სოს ტალენტსს“, ის 2000 წელს ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა – მიშელ სონიმ დაარსა. ფონდის ძირითადი მიზანია ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა, მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარება.

საქართველოდან ფონდისთვის მუსიკალური ტალანტების აღმოჩენა პიანისტისა და იუნესკო-ს პირველი ქართველი არტისტის, ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით ხდება.

ფონდის მიერ შერჩეული ბავშვები, სკოლის პროგრამის პარალელურად, დამატებით ითვისებენ მიშელ სონის მიერ შექმნილ სპეციალურ მეთოდიკას, რომელიც მათ აძლევს საშუალებას, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განავითარონ ტექნიკური თუ მუსიკალური შესაძლებლობები.

ბევრმა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა სწორედ ამ ფონდის დახმარებით გაიკვალა გზა საერთაშორისო სცენისკენ.

კომენტარები

კომენტარი