კინო

კინოფესტივალმა PÖFF Shorts ირინე ჟორდანიას ფილმი ევროპული კინოაკადემიის 2020 წლის დაჯილდოვების კანდიდატად წარადგინა

ტალინში მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის PÖFF Shorts დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

ჟიურის გადაწყვეტილებით ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მარქსის ქუჩა #12” ევროპის კინოაკადემიის 2020 წლის დაჯილდოვების კანდიდატად წარადგინეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციასთან დაკავშირებით, ევროპის კინოაკადემია რამდენიმე კინოინსტიტუტისა და 24 წამყვანი ევროპული კინოფესტივალის რეკომენდაციას განიხილავს –  მათ შორის არის ბერლინის, ვენეციის, ლოკარნოს, სარაევოს, როტერდამის, ვალიადოლიდის, ბრისტოლისა და ოდესის კინოფესტივალები. წელს ამ სიას პირველად შეუერთდა PÖFF Shorts.

ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელიან. წითელ ხალიჩაზე თავს იყრიან მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, ცერემონია გადაიცემა არაერთი ევროპული წამყვანი ტელეარხის პირდაპირ ეთერში, რადგან იგი ევროპული კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს აფასებს.

დაჯილდოვების 2019 წლის ცერემონია 7 დეკემბერს ბერლინში გაიმართება. წელს საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში წარდგენილია ლევან გელბახიანი.

2020 წლის ცერემონიას კი რეიკიავიკი უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი