ლიტერატურა

5 წიგნი, რომელსაც გამომცემლობა “ინტელექტი” თბილისის წიგნის დღეებისთვის გვირჩევს

28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიაში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. წელს გამოფენა მისულ მკითხველს სხვადასხვა გამომცემლობასთან ერთად, ქართველი მწერლები და მთარგმნელებიც დახვდებიან.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გამომცემლობა “ინტელექტის” სტენდიც. “ინტელექტმა” საინფორმაციო სააგენტო “არტნიუსთან” საუბრისას დაასახელა 5 წიგნი, რომელიც თბილისის წიგნის დღეებზე უნდა შეიძინოთ.

ოლდოს ჰაქსლის „კონტრაპუნქტი“

Image may contain: 1 person, eyeglasses and text

„კონტრაპუნქტი“, რომელსაც ოლდოს ჰაქსლი (1894-1963) თავის საუკეთესო რომანად მიიჩნევდა, 1928 წელს გამოიცა და, ერთგვარად, დიდი მწერლის შემოქმედების პირველი ეტაპი შეაჯამა.

მუსიკაში კონტრაპუნქტი ისეთ მრავალხმიანობას ეწოდება, რომელშიც ყველა ხმა თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს პრინციპი დაცულია ოლდოს ჰაქსლის რომანში – წიგნს არ ჰყავს მთავარი გმირი, არ აქვს ერთიანი სიუჟეტური ხაზი, ძირითადი შინაარსი პერსონაჟების მონოლოგებსა და საუბრებშია გადმოცემული.

რამდენიმე თვე ლონდონის ინტელექტუალური ელიტის ცხოვრებიდან – წვეულებები, მოგზაურობები, მეგობრული საუბრები, დავები, მაღალი წრის ჭორები. აქ ვერ შეხვდებით სიმპათიურ პერსონაჟებს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ დატკბეთ ავტორის ფაქიზი ირონიით, დროდადრო სარკაზმში რომ გადადის. ათობით ადამიანი-ინსტრუმენტი, რომელთაგან თითოეული თავის პარტიას უკრავს, ქმნის მწყობრ სიმფონიას, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ატმოსფეროს გადმოგვცემს.

ოლდოს ჰაქსლის „კონტრაპუნქტი“ მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დღემდე აქტუალური ნიმუშია.

მარკ ტვენის „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“

Image may contain: 1 person, text

 მარკ ტვენის უბერებელი საყმაწვილო რომანი „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის დასაბამადაც მიიჩნევა. მართალია, ის გამოსვლის დღიდან არაერთხელ აკრძალეს სხვადასხვა მიზეზით, სასკოლო პროგ­რამიდანაც ამოიღეს, მაგრამ საბედნიეროდ, ამ წიგნს გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი და მკითხველი გამოუჩნდა, რომელთაც იმთავითვე განსაზღვრეს რომანის მნიშვნელობა და განუმეორებლობა.

ვინც მდინარე მისისიპის ნაპირებზე არასდროს მოხვედრილა, ვისაც უყვარს ფათერაკიანი თავ­გა­დასავ­ლები და აკრძალულ, ადამიანის ფეხდაუდგმელ ადგი­ლებში ხეტიალი, თამამად შეუძლია გაჰყვეს უშიშარ, გონიერ და უცნაურ ბიჭს – ჰაკლბერი ფინს, რომელსაც, თავის მეგობარ ტომ სოიერთან ერთად, ცივილიზებულ სამ­ყაროში ცხოვ­რებას სწორედ შფო­თიანი და ფათერაკებით სავსე ამ­ბები ურჩევნია, რად­გან კარგად იცის, რა იდუმალი, მოულოდნელი და საინტერესოა ასეთი ცხოვრება.

თქვენ წინაშეა ამერიკული ლიტერატურის შედევრის – მარკ ტვენის „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალის“ ახალი თარგმანი, რომელიც ხელახლა გააცოცხლებს ამ რომანის ჯადოსნურ სამყაროს ქართულ ენაზე.

ირაკლი სამსონაძის „ქელეხი-ქორწილი

Image may contain: 1 person

ირაკლი სამსონაძის ახალ რომანში ორი უცნაური პერფორმანსი თამაშდება, რომელთაც 30 წლიანი ინტერვალი აშორებს.

პირველი ქუთაისის რესტორანში ვითარდება. 1988 წელია, არავის ეფიქრება საბჭოთა იმპერიის ჩამოშლა; მათ შორის, სუფრასთან თავშეყრილი ბავშვობის მეგობრებსაც. სუფრის მასპინძელი, მეტსახელად ტრულაილა, ქელეხს უხდის თავის საოხრეს. მეგობრები ოხუნჯობენ, უჩვეულო ქელეხია, ღიმილისმომგვრელი, დასამახსოვრებელი თავგადასავალი. თამადად მოიწვევენ ლამარიეს, ბიბლიოთეკარ ქალს, ვინც სიყმაწვილეში „დაავაჟკაცა“ ტრულაილა. ანეკდოტური ატმოსფერო თანდათან იცვლება, ლამარიე ქარს და სუსხიან სიმართლეს შემოიყოლებს.

მეორე ამბავი დღევანდელ საქართველოში ვითარდება და კლიმაქსურ ასაკში მყოფი მსახიობი ქალის ისტორიას გვიამბობს. მისთვის კარგახანია, როლი არ შეუთავაზებიათ და ამას მტკივნეულად განიცდის, მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს. შედარებით ხანგრძლივი ვადით სამ მამაკაცთან ცხოვრობდა – მსახიობთან, რეჟისორთან და დრამატურგთან; დეას ერთი ვნება აქვს თავშესაფრად – იგი კლეპტომანია; როდესაც უმნიშვნელო, მისთვის სრულიად უსარგებლო ნივთს იპარავს, ადრენალინის მოზღვავებას გრძნობს, ეს კი მონატრებულ სცენაზე აბრუნებს თითქოს. და ერთხელაც, ნევროზისა და შიშისგან გასათავისუფლებლად მიეშურება მიწისქვეშა გადასასვლელისკენ, სადაც ბაზრობაა გამართული, იქ უნდა „ინადიროს“, რამე მოიპაროს, შიში დაძლიოს, ვნება დაიბრუნოს…

ზვიად რატიანის “კოცონი მდინარესთან”

Image may contain: one or more people

თანამედროვე ქართველი პოეტის, ზვიად რატიანის ახალი კრებული “კოცონი მდინარესთან” მკითხველისთვის აუცილებლად საინტერესო იქნება. მასში თავმოყრილია როგორც ძველი და ჩვენთვის ნაცნობი, ისე ახალი ტექსტები.

ნესტან ნენე კვინიკაძის „38, 44“

Image may contain: 1 person

1990-იანი წლების მიწურულის და 2000-იანი წლების დასაწყისის თბილისი. ლექსო კინომცოდნეობას სწავლობს, მაია – სტომატოლოგიას; ლექსო „დისიდენტობანას“ თამაშობს, მაია – მკვდრების ისტორიებს თხზავს.

მაია ლექსოს თამაშში აღმოჩნდება. ერთმანეთის პარალელურად ვითარდება ორი ხაზი – რეალური, სადაც სტუდენტები სწავლობენ, თამბაქოს გამონაბოლქვში ფილმებს უყურებენ, ერთმანეთის სხეულებს შეიცნობენ, სექსუალობას იკვლევენ, და მეორე – „დისიდენტობანას“ თამაში: პროკლამაციების გავრცელების გეგმა, ადევნებები, ჩხრეკა, დაჭერები…

ნესტან ნენე კვინიკაძის „38, 44“ ქვეყნის უახლესი ისტორიის არაორდინარული შეჯამებაა, დრამატიზმით, იუმორით, ტრავმებითა და გაუხარჯავი ენერგიით დამუხტული წიგნი, სადაც ცოცხლებიც და მკვდრებიც საკუთარ თავს ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი