კულტურა

საქართველო და იაპონია განათლების სფეროში მჭიდროდ ითანამშრომლებენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება, იაპონიის საერთაშორისო კოოპერაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას (JICA) შეხვდა, სადაც მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საქართველოს განთლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მან ხაზი გაუსვა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი სწორედ განათლების სისტემას მოხმარდება.

ორმხრივ შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტი პროფესიული განათლებაა. ამასთანავე, ზოგადი განათლების მიმართულებით უზარმაზარი როლი ენიჭება მასწავლებლის პროფესიას, მისი პრესტიჟის ამაღლებას და მათ პროფესიულ განვითარებას, რაც ასევე  განათლების რეფორმის  პრიორიტეტია. 

შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ განათლების სისტემის დახვეწის პროცესში ქართული მხარისთვის იაპონელი ექსპერტების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, თანამშრომლობის გასაღრმავებლად,  ქართული ენის შესწავლის მიზნით, მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს იაპონიაში ქართული ცენტრების დაარსება შესთავაზა. იაპონური ენის სწავლებისათვის კი, განიხილეს ინიციატივა  საქართველოში მოხალისე მასწავლებლების ჩამოსვლის  თაობაზე. 

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან  მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა,  რომელიც მომავალ წელს  ფუნქციონირებას დაიწყებს. ამ მიმართულებით, მიხეილ ჩხენკელმა მასპინძელ მხარეს იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელობამ (JICA)  რომელიც  საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობით დაინტერესებულია, შეხვედრის დასასრულს მზაობა  გამოთქვა აქტიურ თანამშრომლობაზე როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორების  გაცვლითი პროგრამების მიმართულებებით.

კომენტარები

კომენტარი